დღეს, 9 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს.
პეტრიაშვილი პირველ შეხვედრას მერვედფინალში უკრაინელი სპორტსმენის, ოლექსანდრ ხოციანივსკის წინააღმდეგ გამართავს. კარიერის განმავლობაში მოპოვებული ტიტულების რაოდენობასა და ხარისხს თუ გადავხედავთ, შეხვედრაში ფავორიტი ქართველი მოჭიდავეა. ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია. ოლექსანდრ ხოციანივსკის კი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. გენო პეტრიაშვილსა და ოლექსანდრ ხოციანივსკის შორის დაპირისპირება კი, სავარაუდოდ, 14:00 საათის შემდეგ გაიმართება.
შეგახსენებთ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გუშინ უკვე იასპარეზა ვლადიმერ გამყრელიძემ, თუმცა ის ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა. წარუმატებელი აღმოჩნდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ტურნირზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლაც – 1996 წლის შემდეგ ამ სახეობაში უმედლოდ პირველად დავრჩით.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სპორტულ ღონისძიებებს 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.
ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ამ დრომდე ოთხი მედალია – ერთი ოქრო (ლაშა ბექაური), ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაო (ლაშა გურული).