Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი საფრანგეთში, ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. რუსი მილიარდერი პარიზში აზერბაიჯანიდან, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. დუროვის დაკავების შესახებ ფრანგულ მხარეს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერის დაკავება Telegram-ის საშუალებით დაგეგმილ კრიმინალურ დანაშაულებს ეხება. ეს მოიცავს ტერორიზმის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, თაღლითობისა და ბავშვებით ვაჭრობის შემთხვევებს. მედიის ცნობით, სამართალდამცველები Telegram-ს მოდერატორების ნაკლებობასა და გამოძიებასთან არასათანადო თანამშრომლობაშიც ადანაშაულებენ.
დუროვის დაკავებას პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურა რუსეთის საელჩო. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, მილიარდერის დაკავების შესახებ მათ საფრანგეთს განმარტების გაკეთება სთხოვეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. იმავე განცხადებაში, რუსული მხარე იმედს იტოვებს, რომ საფრანგეთში დუროვის უფლებები სრულად იქნება დაცული.
პაველ დუროვმა Telegram-ი 2013 წელს დააფუძნა. პლატფორმა დღეს 950 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მას პლატფორმა VKontakte-ზე ოპოზიციური არხების დახურვა მოსთხოვა. ქვეყნის დატოვების შემდეგ დუროვმა VKontakte-ში თავისი წილიც გაყიდა.
რუსმა მილიარდერმა საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო. Forbes-ი დუროვის ქონებას $15.5 მილიარდად აფასებს, რაც მას დღეს მსოფლიოში 120-ე ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს.