2022 წელი ტექნოლოგიური კომპანიებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის უაღრესად არასახარბიელო აღმოჩნდა. გლობალური საფონდო ბირჟების დაღმასვლის ფონზე, შემცირებულია თითქმის ყველა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, თუმცა მათ შორის ყველაზე უარესი შედეგი Facebook-ის მფლობელ კომპანია Meta Platforms-სა და მის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს აქვს.
ერთი წლის განმავლობაში ცუკერბერგის ქონების შეფასება თითქმის 75 მილიარდი დოლარით შემცირდა და მან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-3 ადგილიდან $51-მილიარდიანი ქონებით 22-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც ვარდნის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.
ამერიკელი მეწარმისა და მისი ტექნოლოგიური კომპანიის დაღმასვლა რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი თავად კომპანია Meta-ს ფინანსურ შედეგს და მის მიმართ ინვესტორთა განწყობის გაუარესებას უკავშირდება.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, კომპანიის დაფუძნებიდან პირველად, Meta-ს შემოსავლები შემცირდა, რაც უოლ-სტრიტისთვის ნამდვილად შოკისმომგვრელი სიახლე აღმოჩნდა. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიამ საანგარიშო პერიოდში 28.8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არათუ მეტი, არამედ 1%-ით ნაკლებია.
Meta-ს ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, შემოსავლების შემცირების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი გლობალური ეკონომიკური ვითარების გაუარესება და ზედმეტად გამყარებული ამერიკული დოლარია.
ექსპერტების შეფასებით, Meta გაცილებით უფრო კომპლექსური პრობლემის წინაშეა, ვიდრე ეს უბრალოდ ეკონომიკური ვითარების გაუარესებაა. Facebook-ის უმთავრეს გამოწვევად ექსპერტები კონკურენტი პლატფორმის TikTok-ის გაძლიერებას ასახელებენ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია. მასში მომხმარებლები უჩვეულოდ დიდ დროს ატარებენ და Facebook-სა თუ Instagram-ს გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ.
მიუხედავად Meta-ს ამბიციური რებრენდინგისა, კომპანიის შემოსავლის ძირითად წყაროდ ისევ სარეკლამო ბიზნესი რჩება, რომლის ფუნქციონირებისთვისაც აუცილებელია, რომ მომხმარებლებმა რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ სოციალურ ქსელებს და დღის განმავლობაში მაქსიმალური რაოდენობის რეკლამა ნახონ.
საქმე ისაა, რომ სარეკლამო ბიზნესის წარმატებისათვის მხოლოდ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა არ არის საკმარისი – ამ ასპექტში Meta ნამდვილად არ მოიკოჭლებს, მას მსოფლიოში ყველაზე მეტი, 3 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
პრობლემა ისაა, რომ Meta-სთვის უფრო მეტად რთულდება მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავება და აქტივობის ისტორიის შესწავლა. უშუალოდ ამ პრობლემის სათავე კი, პირველ რიგში, კომპანია Apple-ია, რომელმაც გასულ წელს iOS განახლებაში ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია დაამატა, რომელიც მომხმარებელს აძლევს არჩევანს, მისცეს თუ არა აპლიკაციას პირადი მონაცემების დამუშავების უფლება.
აღნიშნული მონაცემების დამუშავების გარეშე, Facebook-სა და Instagram-ს ურთულდება პერსონალიზებული რეკლამების შეთავაზება, რაც, თავის მხრივ, Meta-ს სარეკლამო ბიზნესის ეფექტიანობას ამცირებს.
ინვესტორები მოელიან, რომ Apple-ის მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანია Google-იც და, საბოლოო ჯამში, iOS-სა და Android-ზე ცუკერბერგის აპლიკაციები უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან, რაც Meta-ს ფინანსურ შედეგებს კიდევ უფრო მეტად გააუარესებს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ Meta-ს მფლობელობაში არსებული მესიჯინგ პლატფორმა WhatsApp-ი ისევ წამგებიან პროექტად რჩება, რომლის კომერციალიზაციის რეალური სტრატეგია კომპანიას ჯერაც არ აქვს; Instagram-ის მიმართ კი კრიტიკა ყოველდღიურად იზრდება, რაც სოციალური ქსელის ალგორითმის ცვლილებითა და აშკარად შესამჩნევი „ტიკტოკიფიკაციის“ პოლიტიკითაა განპირობებული.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Meta-ს მთავარი პროექტი – მეტავერსი ჯერაც განვითარების საწყის ეტაპზეა და მის კომერციალიზაციაზე საუბარი უახლოეს მომავალში უბრალოდ აზრს მოკლებულია. ცნობისთვის, მეტავერსის განვითარების დეპარტამენტის გამო, გასულ წელს კომპანიამ 10 მილიარდი დოლარით იზარალა, რასაც ინვესტორების მხრიდან პოზიტიური შეფასებები ნამდვილად არ მოჰყოლია.
ზოგადად, მომგებიანი იქნება თუ არა მეტავერსის მრავალმილიარდიანი ფსონი, ამის თქმა ამჟამად თითქმის შეუძლებელია, აღნიშნული ტექნოლოგიის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე საუბარი კი ახლა იმდენად რთულია, რამდენადაც 90-იან წლებში ინტერნეტის რეალური მასშტაბებისა და პოტენციალის წინასწარ განჭვრეტა.
მიუხედავად ამისა, ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მეტავერსი მარკ ცუკერბერგის ოცნების ნაწილია და ის შეუძლებელია კომპანიის რაციონალურ სტრატეგიად იქნეს განხილული. Meta-ს დირექტორის მიმართ კრიტიკას იზიარებენ ის ინვესტორებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცუკერბერგმა თანამდებობა უნდა დატოვოს და კომპანიას დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მისცეს.
ცუკერბერგის განცხადებით, ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, კომპანიის კვარტალური პროგნოზები შემცირებულია და გაფართოების სტრატეგიაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით ან წლით გადაიწევს, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი ამბიციური სტრატეგიის მიმართ.
ერთწლიან ჭრილში კომპანია Meta-ს აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 60%-ითაა შემცირებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 360 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, 2021 წელს Facebook-ის მშობელი კომპანიის საბაზრო ღირებულება $1-ტრილიონიან ნიშნულს აჭარბებდა, ცუკერბერგის ქონება კი 134 მილიარდ დოლარს აღწევდა, ნაცვლად ამჟამინდელი $51 მილიარდისა.
წარმატებით განახორციელებს თუ არა ცუკერბერგი თავის მეტავერსულ ოცნებას, ამის თქმა საკმაოდ რთულია, თუმცა საკონსულტაციო კომპანია McKinsey ვარაუდობს, რომ რამდენიმე წელიწადში მეტავერსული ეკონომიკის მოცულობა 2.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, ის კომპანიები კი, რომლებიც ამ ახალ ბაზარზე დომინანტური პოზიციების მოპოვებას შეძლებენ, კოლოსალურ მოგებას მიიღებენ, რაზეც ყველაზე დიდ ფსონს სწორედ კომპანია Meta და მისი ინოვატორი ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი დებს.
ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება მხოლოდ ერთ რამეს ცხადყოფს, ცუკერბერგი არაერთხელ ყოფილა წარმატების მწვერვალზეც და ურთულეს მდგომარეობაშიც, მაგალითად: 2008 წელს, Facebook-ის დაფუძნებიდან მხოლოდ ოთხ წელში ის ოფიციალური მილიარდერი გახდა; 23 წლის ასაკში ის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი იყო; 2011 წლისთვის მისი ქონება $17.5 მილიარდამდე გაიზარდა, რაც აღმასვლის უაღრესად მკვეთრი მაჩვენებელია, თუმცა 2012 წელს კომპანიის იმედგამაცრუებელი შედეგების გამო, ის Forbes-ის რეიტინგში მე-14 ადგილიდან 36-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
მიუხედავად ამისა, ათი წლის შემდეგ ცუკერბერგმა $134-მილიარდიანი ქონებით პლანეტის რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანის წოდება მოიპოვა, მისი ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $1-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. უდავოა, რომ ამჟამად ცუკერბერგიცა და Meta-ც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან, თუმცა ისტორია ცხადყოფს, რომ სოციალური ქსელების ტიტანმა არაერთხელ აჯობა საფონდო ბირჟის მოლოდინებს და ვინ იცის, იქნებ, მეტავერსის წარმატების შემთხვევაში, ცუკერბერგი კიდევ ერთხელ ვიხილოთ Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სამეულში, ან თუნდაც ამ რეიტინგის სათავეში.