არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა, სადაც წევრი სახელმწიფოები მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძირეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მიიღწა, მომლაპარაკებლებმა საერთო ენის გამონახვა რამდენიმე საკითხზე მაინც შეძლეს.
ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ გაახანგრძლივონ მორატორიუმი ციფრული საქონლით ვაჭრობის ტარიფებზე შემდეგ მინისტერიალამდე. მინისტერიალის დაწყების მომენტში კი შეთანხმება ანულირდება და ახალ პირობებზე მოლაპარაკება გახდება საჭირო. ცნობისთვის, ინდოეთი, სამხრეთი აფრიკა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა მორატორიუმის გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეთანხმება გახანგრძლივდა.
სანაცვლოდ, აბუ-დაბიში შეთანხმებას ვერ მიაღწიეს სოფლის მეურნეობის საკითხებზე. ინდოეთი, სადაც ფერმერების პროტესტი მიმდინარეობს, სურსათის უსაფრთხოების სახელმწიფო შესყიდვის პროგრამის დამტკიცებას ითხოვდა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწია.
მინისტერიალზე საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა თევზჭერისა და თევზსაჭერების საკითხზეც. წევრი სახელმწიფოების სურვილი იყო თევზჭერისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სუბსიდიების გაუქმებაზე შეთანხმებულიყვნენ. WTO-ს საერთაშორისო შეთანხმება თევზჭერის შესახებ აღნიშნულ საკითხს არეგულირებს. შეთანხმების პირველ ნაწილზე სახელმწიფოები 2022 წელს შეთანხმდნენ, თუმცა იმპლემენტაციისათვის შეთანხმების რატიფიცირებაა საჭირო.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ მინისტერიალის შემდეგ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკის საბაბი კი სწორედ ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე შეუთანხმებლობაა.