რეგულაციებმა ინოვაციების შესაძლებლობა უნდა დატოვონ - GTNF ფორუმი

რეგულაციებმა ინოვაციების შესაძლებლობა უნდა დატოვონ - GTNF ფორუმი

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Broughton NS-ის წამყვანი სპეციალისტის, კრის ალენის განცხადებით თამბაქოსა და ნიკოტინის შესახებ ქვეყნების მიერ მიღებული რეგულაციები უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ კომპანიებს უტოვებდნენ შესაძლებლობას ბაზარზე წარადგინონ ახალი ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც მათ ტრადიციულ ალტერნატივებთან მიმართებით ჯანმრთელობისთვის ნაკლებ რისკებს შეიცავენ. ამის შესახებ ალენმა ფორუმ GTNF-ის ფარგლებში ისაუბრა, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა და თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ზიანის შემცირების პოლიტიკა განიხილეს.

“რეგულაციები არის იმისთვის, რათა ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტი იყოს დაცული. თუკი შევხედავთ რეგულაციებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ავიაცია ან ავტომობილების წარმოება, აქ რეგულაციების მიზანს მომხმარებელთა დაცვა წარმოადგენს. როდესაც რეგულაციები ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული, როგორც წესი ისინი მეცნიერულ მტკიცებულებებს ეფუძნებიან, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. რეგულაციებმა შესაძლებელი უნდა გახადოს ინოვაცია, რათა შესაძლებელი იყოს განვითარება და ევოლუცია, რათა უფრო მაღალი სტანდარტების და უსაფრთხო პროდუქტების შექმნა იყოს შესაძლებელი,”- განაცხადა კრის ალენმა.

შედარებითი ანალიზის ფარგლებში განხილული იყო რეგულაციების დონე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის კი შედარებით ეფექტურად მიჩნეულია აშშ-ში, ევროკავშირში, იაპონიასა და ბრიტანეთში მოქმედი მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც ახალი თაობის ალტერნატიულ პროდუქტებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში პოტენციურ ინსტრუმენტად განიხილავენ.

“სიგარეტის მოხმარება მსოფლიოში ყოველწლიურად 7 მილიონამდე ადამიანის გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, რეგულატორთა მთავარ მიზანს, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის და მოწევასთან ასოცირებული ავადობების შემცირება უნდა წარმოადგენდეს. ეს საჭიროებს მიდგომას, რომელიც ყველაზე სწრაფად გახდის ამ შედეგის მიღწევას შესაძლებელს. სახელმწიფოები ხშირად ვერ აღწევენ მიზანს რათა რეგულირების სწორი მოდელი იყოს მოპოვებული. არსებობს რამდენიმე გამონაკლისი და თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ზიანის შემცირების პოლიტიკა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის საუკეთესო გამოსავალია, რის მაგალითადაც FDA-ს მიერ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტისა და “სნუს-თან” მიღებული გადაწყვეტილებები გამოდგებიან.

WHO რომელიც ამ მიმართულებით პროგრესის სათავეში უნდა იყოს, სინამდვილეში არ დგამს საჭირო ნაბიჯებს, ეს კი იმის მიუხედავად, რომ ზიანის შემცირება თამბაქოს კონტროლის შესახებ კონვენციის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, ამის საპირისპიროდ ვხედავთ იმას, რომ WHO გამოდის მოწოდებებით შეიზღუდოს ის ალტერნატიული პროდუქტები, რომლებიც ნაკლებ ზიანს შეიცავენ,”- განაცხადა დერეკ იაქმა ფონდ “კვამლისგან თავისუფალი მსოფლიოს” პრეზიდენტმა.

როგორც პანელზე აღინიშნა, ევროკომისია 2021 წლის მაისში გამოაქვეყნებს კვლევას, რომელიც 2014 წელს თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების შესახებ ევროდირექტივის მიერ მოტანილ შედეგებს ეხება. სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე მომზადდება ცვლილებები ევროდირექტივის ტექსტში, რომელიც ალტერნატიული პროდუქტებისთვის ჩვეულებრივი სიგარეტისგან განსხვავებულ რეგულაციებსა და მიდგომებს აწესებს.

პანელზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, აბრე დე პლესმა განაცხადა, რომ ამ შეფასებით ევროკავშირი დააკვირდება თუ რა ეფექტი აქვთ ახალი თაობის თამბაქოს პროდუქტებს ევროპაში თამბაქოს ზიანის შემცირებაზე. ევროდირექტივის განახლებას კი თავისმხრივ გავლენა ექნება არამარტო ევროგაერთიანების, არამედ ევროკავშირის ახლო პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივი კანონმდებლობების დახვეწაზეც.

აღსანიშნავია, რომ მზარდია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების, ექსპერტებისა თუ მთავრობების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ პოტენციურად შემცირებული რისკის მქონე ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნელობას მწეველებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის. იმ ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოთა შორის, რომელთაც გამოიჩინეს ინიციატივა აღიარონ უკვამლო პროდუქტების განსხვავებული ბუნება და მიიღონ რეგულაციები, რათა მწეველებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციასა და თავად ამ ნაკლებად მავნე და მეცნიერულად დადასტურებულ ალტერნატიულ პროდუქტებზე, აღსანიშნავია ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები: საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია და ბულგარეთი. სხვა ქვეყნებმა, მაგალითად როგორიცაა ნორვეგია და ახალი ზელანდია, უკვე გამოხატეს საკუთარი მზადყოფნა ამავე მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისათვის.