ახალი ანგარიშის თანახმად, 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკა $100 ტრილიონს პირველად გადააჭარბებს და ჩინეთს ნავარაუდევზე მეტი დრო დასჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ლიდერის პოზიციის ჩამოსართმევად.
ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Cebr-ის პროგნოზით, ჩინეთი 2030 წლისთვის, ორი წლით გვიან, ვიდრე ეს გასული წლის მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ანგარიშის მიერ იყო გათვლილი, დოლარში, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა გახდება. ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ ინდოეთი შემდეგ წელს საფრანგეთს გადაასწრებს, 2023 წელს კი – ბრიტანეთს და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების რეიტინგში მეექვსე ადგილს დაიკავებს.
Cebr-ის წარმომადგენლის განცხადებით, 2020-იანი წლებისთვის, მსოფლიო ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი ინფლაციასთან გამკლავებაა, რომელმაც აშშ-ში 6,8%-ს მიაღწია. საკონსულტაციო კომპანიაში იმედოვნებენ, რომ არატრანზიტული ელემენტების გაკონტროლება მოხერხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მსოფლიო 2023 ან 2024 წლებში რეცესიისთვის უნდა მოემზადოს.
რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, ანგარიშის მიხედვით, 2033 წელს გერმანია ეკონომიკური წარმოების მხრივ იაპონიას გადაუსწრებს, 2036 წელს რუსეთი შესაძლოა ტოპ-10 ეკონომიკა გახდეს, 2034 წელს კი ინდონეზიამ მე-9 ადგილი დაიკავოს.