ინდოეთი მზადაა, აშშ-დან იმპორტირებული საქონლის 55%-ზე ტარიფები შეამციროს, რაც დაახლოებით 23 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიასააგენტოს განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის ნაწილია, რომელსაც ორი ქვეყანა ამჟამად განიხილავს.
როგორც Reuters-ის ორი სამთავრობო წყარო იუწყება, ეს იქნება ბოლო წლებში ტარიფების ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება და მისი მიზანია, შეამსუბუქოს ზეგავლენა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული საპასუხო ტარიფები ინდოეთის ეკონომიკაზე პოტენციურად მოახდენს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, საპასუხო ტარიფები 2 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს, რაც სავაჭრო ბაზრებს არასტაბილურობას უქადის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიაზე აისახება.
შიდა ანალიზის მიხედვით, ინდოეთისთვის დაწესებული საპასუხო ტარიფები გავლენას მოახდენს აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის 87%-ზე, რომლის საერთო ღირებულება 66 მილიარდ დოლარს უტოლდება.
წყაროს ცნობით, ინდოეთი მზადაა, შეამციროს ან სრულად გააუქმოს ტარიფები იმ ამერიკულ საქონელზე, რომელიც 5%-დან 30%-მდე საბაჟო გადასახადს ექვემდებარება. თუმცა, Reuters-ის განცხადებით, ოფიციალურმა უწყებებმა – ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრის ოფისმა და მთავრობის სპიკერმა – ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.