რევოლუციონერი

რევოლუციონერი

ვივიენ იზაბელ სუაირი დერბიშირის საგრაფოს ერთ პატარა სოფელში, იმდენად ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, რომ სიღატაკისა და შიმშილისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად მისთვის გათხოვება რჩებოდა – სულ ერთია ვისზე, ოღონდ შორს ამ გამოუვალი მდგომარეობისგან… სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მას პირველი ქმრისგან ორი შვილი და გვარი – ვესტვუდი – დარჩა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მისი წყალობით გახდა ცნობილი.

ბრიტანული მოდის დიზაინის კაშკაშა ვარსკვლავის, მოდაში პანკ-სტილის დამმკვიდრებელი ვივიენ ვესტვუდის ყოველი ახალი კოლექცია იმდენად განსხვავებული და ეპატაჟური იყო, რომ მომენტალურად იქცევდა როგორც თაყვანისმცემლების, ისე მისი სტილის უარმყოფელთა მძაფრ ყურადღებას.

1970-იანი წლების ჰიპურ გარემოში აღმოცენებული ტანსაცმლის მაღაზია Let It Rock, შემდგომ Too Fast To Live Too Young To Die-დ და Sex-ად წოდებული, მართლაც რევოლუციური, ახალი სიტყვა იყო მოდის ისტორიაში, თუმცა 74 წლის დიზაინერი დღესაც ისეთივე ენერგიული, ექსტრაორდინარული და შოკის მომგვრელია, როგორც იმ შორეულ წლებში. ამ ჟღალთმიანი ბუნტისთავის პროფესიული კარიერის მიღმა არანაკლებ საინტერესოა მისი მოქალაქეობრივი აქტივობაც: მთელი ცხოვრების მანძილზე ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერმა პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა, კონსერვატორთა პარტიას შეუერთდა და შოტლანდიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. სამოქალაქო აქტივობის გამოძახილია მისი კოლექცია – მაისურები წარწერით „არ დამიჭიროთ, მე ტერორისტი არ ვარ”, ბირთვული იარაღის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობა, და სულ ახლახან, 14 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის ქალაქგარეთ მდებარე სახლთან დაუღალავი ვივიენის მიერ მოწყობილი აქცია ფიქლის გაზის მოპოვების წინააღმდეგ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *