ფოტო: Getty Images/Paper Boat Creative
ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ის პროგნოზით, 2026 წელს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გლობალური სესხების მოცულობა გაორმაგდება და $570 მილიარდს მიაღწევს. აღნიშნული პროგნოზი ობლიგაციების გამოცემისა და საკრედიტო ბაზრის აქტივობის ზრდაზე მიუთითებს, რადგან კომპანიების უმეტესობა AI-ისთან დაკავშირებული კაპიტალის ხარჯების მასშტაბური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ალტერნატიული დაფინანსების წყაროებს მიმართავს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ის ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ფულად ნაკადებზე იყვნენ დამოკიდებულნი, ინვესტიციების საჭიროების ზრდისთვის, სულ უფრო ხშირად მიმართავენ სასესხო დაფინანსების გზას.
Morgan Stanley-ის შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულმა გლობალური სესხის გაცემის მოცულობამ, 2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, $236 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 4-ჯერ აღემატება. წლის მეორე ნახევარში კი სესხების ემისია კიდევ უფრო გაიზრდება.
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაში ინვესტიციების მოცულობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსხვილი AI-კომპანიები კი დამატებითი ფინანსების მოსაზიდად აქციების საჯაროდ განთავსებასაც განიხილავენ. მოგეხსენებათ, Anthropic-მა და OpenAI-მ აღნიშნულის შესახებ განაცხადები აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიაში უკვე შეიტანეს.
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, იზრდება ჩიპების წარმოებაზე მოთხოვნაც. შეიძლება ითქვას, რომ Nvidia-ს, AMD-ის, Micron-ისა და ნახევარგამტარების მწარმოებელი სხვა კომპანიების ბოლოდროინდელი ზრდა სწორედ AI-ტექნოლოგიის განვითარების დამსახურებაა.














