ფოტო: studies.aljazeera.net
ირანსა და აშშ-ს შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრთხის წინაშეა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დადებიდან დღემდე ერთეული დარღვევები მრავლად იყო, უკვე ზედიზედ მეორე დღეა, რაც ესკალაცია ახალ ეტაპზე გადავიდა. მხარეები ცეცხლს ერთმანეთის ობიექტებზე აქტიურად ხსნიან, რაც ისედაც მყიფე შეთანხმებას, კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებში არაერთხელ გააჟღერა მუქარა, რომ თუკი ირანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა, თავდასხმები განახლდებოდა.
ბოლო ესკალაცია კვირის დასაწყისში ჰორმუზის სრუტესთან ახლოს აშშ-ის სამხედრო ძალების კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოგდებამ გამოიწვია. ამასთან, გასული დღეების განმავლობაში ირანმა რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე არაერთი იერიში მიიტანა.
მანამდე, გაცვლითი თავდასხმები განხორციელდა ირანსა და ისრაელს შორისაც, თუმცა ტრამპის ჩართულობით აღნიშნული ესკალაცია მალევე განიმუხტა.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება აპრილში გაფორმდა და ის უფრო მასშტაბური სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების წინაპირობად განიხილებოდა. მას შემდეგ მხარეები პირობების შეთანხმებას ცდილობენ, თუმცა მოლაპარაკებები საბოლოოდ მაინც წარუმატებლად დასრულდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განმარტებით, გუშინდელი თავდასხმების მთავარი სამიზნე ირანის სამხედრო სამეთვალყურეო შესაძლებლობების, საკომუნიკაციო სისტემებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება იყო. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით კი, აშშ-ის საჰაერო იერიშების საპასუხოდ, ირანმა კონტრთავდასხმა ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში აშშ-ის 18-მდე სამხედრო ობიექტზე განახორციელა.

















