როგორ ეხმაურებიან ინვესტორები ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას?

როგორ ეხმაურებიან ინვესტორები ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას?

გუშინ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და საარჩევნო კამპანია დაასრულა. ბაიდენმა ამის შესახებ საზოგადოებას საჯარო წერილით აცნობა.

შესაბამისად, ნოემბერში დაგეგმილი არჩევნების საპრეზიდენტო რბოლაში ტრამპი ამჟამად კონკურენტის გარეშე იმყოფება. დემოკრატი პოლიტიკოსები საკუთარ ახალ კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ. როგორც ცნობილია, ისინი ჯო ბაიდენის ნაცვლად მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის კანდიდატურას განიხილავენ. კამალა ჰარისს მხარს თავად ჯო ბაიდენიც უჭერს.

ჯო ბაიდენის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნას ამერიკელი ინვესტორები ეხმიანებიან და მოვლენის ბაზრებზე სავარაუდო გავლენებს აფასებენ.

Aptus Capital Advisors-ის პორტფელის მენეჯერი დევიდ ვაგნერი ფიქრობს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილებას დაბალი კაპიტალიზაციის მქონე აქციებზე დადებითი გავლენა ექნება და ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაღმავალ ტენდენციას მცირედით შეცვლის. თუმცა, მისი აზრით, კაპიტალის ბაზრებზე უფრო დიდი გავლენა ბაიდენის ნაცვლად კანდიდატის დასახელებას და მის ვინაობას ექნება.

Raymond James-ის ბაზრის სტრატეგოსის, ელის ფაიფერის აზრით, დღეს სავაჭრო დღის განმავლობაში ბაიდენის გადაწყვეტილების გამო ობლიგაციების ბაზარი უარყოფით მრუდს აჩვენებს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებით შექმნილი გაურკვევლობები ზოგადად ბაზრებზე უარყოფითად აისახება.

ADM Investor Services-ის მთავარი ეკონომისტი მარკ ოსვალდი ყურადღებას ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ რესპუბლიკელთა მხარდაჭერის მაჩვენებლების ცვლილებაზე ამახვილებს და ფიქრობს, რომ ბაზრებზე გავლენა სწორედ აღნიშნულს ექნება.

ინვესტორთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ბაიდენის გადაწყვეტილებით პოლიტიკური გაურკვევლობა ბაზრებზე უარყოფითად იმოქმედებს. გარდა ამისა, მათი უმრავლესობა გრძელვადიან ეფექტზე საუბრისას დემოკრატების ახალი კანდიდატის ვინაობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ბაზრის ანალიტიკოსების მოსაზრებით, კაპიტალის თუ ობლიგაციების აღმავალ ან დაღმავალ ტენდენციაზე ყველაზე დიდ გავლენას დემოკრატების მიერ ახალი კანდიდატის წარდგენა მოახდენს.