2019 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 14,4 დოლარით ბარელზე ანუ 25,1%-ით და დღეისთვის შეადგენს 71,73 დოლარს ბარელზე. ფასების მკვეთრი მატება ფიქსირდება აპრილის დასაწყისიდან.
მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი დღეს ლიტრზე 1.14 დოლარია. მდიდარ ქვეყნებში ფასი ბევრად მაღალია, ვიდრე შედარებით ღარიბ ქვეყნებში, ასევე ფასი დაბალია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში. ერთ-ერთ გამონაკლისად მიიჩნევა აშშ, სადაც ძლიერი ეკონომიკის მიუხედავად, ფასი დღეს საშუალოზე დაბალია. მსოფლიოს ქვეყნებში საწვავის ფასზე გავლენას ახდენს როგორც ნავთობის ფასი, ასევე კონკრეტულ ქვეყანაში არსებული საგადასახადო რეჟიმი. სხვადასხვა ქვეყნებში ბენზინის ფასს პორტალი globalpetrolprices ითვლის. პორტალის მონაცემებით, ყველაზე იაფი ბენზინი ვენესუელაშია და ის მხოლოდ 0.01 დოლარს შეადგენს. ამავე პორტალის მონაცემებით, საქართველოში ფასი საშუალოზე დაბალია და ქვეყანა მე-40-ე ადგილს იკავებს ბენზინის საშუალო ფასით – 0.87 დოლარი (2.34 ლარი) ლიტრზე.
წლის დასაწყისიდან – 7 იანვრიდან 15 აპრილის პერიოდში – საქართველოში ბენზინის საშუალო ფასი იკლებს და თუკი ის იანვრის დასაწყისში 2.42 ლარს შეადგენდა, აპრილის დასაწყისში 2.34 ლარამდე შემცირდა. საქართველოს მონაცემები აღებულია როგორც ოფიციალური სახლმწიფო უწყებებიდან, ასევე კერძო კომპანიებიდან.
როგორც ცნობილია, მსოფლიოში ბენზინის ფასი მეტია, ვიდრე დიზელის, საშუალოდ მათ შორის სხვაობა 10%-ს აღწევს. დღეს მსოფლიოში დიზელის საშუალო ფასი 1.06 დოლარია ლიტრზე. საქართველოში ფასი საშუალოდ 0.93 დოლარია.
რაც შეეხება თხევადი გაზს, მისი საშუალო ფასი მსოფლიოში 0.64 დოლარს შეადგენს, ყველაზე დაბალი ფასი კი მსოფლიოში ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ბელარუსში ფიქსირდება. საქართველოში თხევადი გაზის, ე.წ. LPG-ის ფასი საშუალოდ 0.54 დოლარია და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეცამეტე ადგილზეა.
საქართველოში ბენზინის ყველაზე დიდი მომწოდებელი ქვეყანა რუსეთია, ხოლო დიზელის საწვავის – აზერბაიჯანი. გასულ წელს რუსეთმა რუმინეთი ჩაანაცვლა და საწვავის იმპორტის 26% დაიკავა. კერძოდ, ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან – 217,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 40,1%-ს შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 174,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,3%-ს შეადგენს.
როგორ შეიცვალა საქართველოში ბენზინის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებში ფასი წლის დასაწყისიდან?
რუსეთში წლის დასაწყისში საწვავის საშუალო ფასი 0.68 დოლარი იყო (45.5 რუბლი), აპრილიდან კი ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა და ლიტრზე 0.67 დოლარი (45.2 რუბლი) გახდა.
რუმინეთში ერთი ლიტრი საწვავის ფასი ბოლო სამ თვეში საშუალოდ 5.31 რუმინულ ლეიs შეადგენს, რაც 1.29 დოლარის ტოლია. წლის დასაწყისში ფასი 1.22 დოლარი იყო, აპრილის შუა რიცხვებში კი ის 1.37 დოლარამდე გაიზარდა.
ფასი მცირედით გაზრდილია ბულგარეთშიც. კერძოდ, თუკი იანვრის დასაწყისში ის 1.13 დოლარს შეადგენდა, დღეს 1.2 დოლარს უდრის.
აზერბაიჯანში ერთი ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 0.47 დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულში შედის, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია.
მსოფლიოში საწვავი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგშია – 2.2 დოლარი საშუალოდ. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ყველაზე ძვირი საწვავი ისლანდიაში, ნორვეგიასა და ნიდერლანდების სამეფოშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 1,75 ევროს შეადგენს, A-98 მარკის ბენზინი – 1,85 ევროს, დიზელის საწვავი – 1,64 ევროს.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,76 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,80 ევროს, A- 98 მარკის ბენზინი – 0,83 ევროს , დიზელის საწვავი – 0,78 ევროს. თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,08 ევროა, A-98 მარკის ბენზინის – 1,09 ევრო, დიზელის საწვავის კი 0,99 ევრო.