როგორ უმკლავდება X-ი ისრაელ-„ჰამასთან“ დაკავშირებულ დეზინფორმაციას | EU-მ გამოძიება დაიწყო

როგორ უმკლავდება X-ი ისრაელ-„ჰამასთან“ დაკავშირებულ დეზინფორმაციას | EU-მ გამოძიება დაიწყო

ევროკავშირის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, ბლოკმა ილონ მასკის X-ის მიერ ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიმდინარე დაპირისპირების დეზინფორმაციებსა და ძალადობრივ კადრებთან გამკლავების ხარისხის მოკვლევა დაიწყო. ევროპულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა გაერთიანებამ საკითხის შესახებ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.

ევროკომისიის ინფორმაციით, X-ს (ყოფილი Twitter) არალეგალური კონტენტისა და დეზინფორმაციის გაზიარებისთვის ოფიციალური მოთხოვნა უკვე გაეგზავნა. საუბარია პლატფორმაზე გავრცელებულ სიძულვილის ენაზე, ტერორისტების შესახებ ინფორმაციასა და ძალადობრივ კადრებზე.

ევროკომისიის განმარტებით, გამოძიების მიზანი X-ის ციფრული სერვისების აქტის (DSA) თავსებადობის დადგენაა. ცნობისათვის, აღნიშნული აქტი ტექნოლოგიური საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც კომპანიებს ძალადობრივი კონტენტის გავრცელების აღკვეთაში წარუმატებლობის შემთხვევაში დიდი ოდენობით ჯარიმას აკისრებს.

X-ს აღნიშნულ და სხვა მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად ვადა მიმდინარე თვის ბოლომდე ექნება. კომპანიამ საჩივრებთან, რისკის შეფასების პროტოკოლებთან და არალეგალურ კონტენტთან დაკავშირებულ პოლიტიკების შესახებ შეკითხვებს უნდა უპასუხოს.

პასუხის გარეშე დატოვებული კითხვების ან არასრული, არასწორი და შეცდომაში შემყვანი პასუხების გაცემის შემთხვევაში, X-ი შეიძლება ყოველდღიური გლობალური ბრუნვის 5%-ით დაჯარიმდეს. DSA-ის აქტის დარღვევა კი შესაძლოა კომპანიას გლობალური ბრუნვის 6%-მდე დაუჯდეს. ილონ მასკის განცხადებით, ევროკომისიას კომპანიისათვის მტკიცებულებები ჯერჯერობით არ წარმოუდგენია.

შეგახსენებთ, გუშინ X-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურმა მედიაპლატფორმამ „ჰამასთან“ დაკავშირებული ასობით ანგარიში დაბლოკა და წაშალა.