როგორია მინიმალური ხელფასები ევროკავშირის ქვეყნებში?

როგორია მინიმალური ხელფასები ევროკავშირის ქვეყნებში?

Euronews-მა ევროკავშირის მასშტაბით მინიმალური თვიური ხელფასები შეადარა. თუმცა, ვიდრე უშუალოდ შედარებაზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან ეროვნული მინიმალური ხელფასი 22-ს აქვს დაწესებული. ამ უკანასკნელთა შორის არ არის დანია, იტალია, ავსტრია, ფინეთი და შვედეთი. კვიპროსმა კი ეროვნული მინიმალური ხელფასი გასული წლის დასაწყისში შემოიღო.

გარდა ამისა, ეროვნული მინიმალური ხელფასი აქვს ევროკავშირის 10 კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყანას შორის რვას – ესენია მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთი მაკედონია, საქართველო, ალბანეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. ამ სიაში არ არის ბოსნია და ჰერცეგოვინა და კოსოვო.

ევროკავშირის ქვეყნებში მინიმალური თვიური ხელფასი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ის ყველაზე დაბალი, €477 ბულგარეთშია, ყველაზე მაღალი კი, €2,571 ლუქსემბურგში.

მინიმალური ხელფასი 2,000 ევროზე მეტია უკვე ნახსენებ ლუქსემბურგში და ევროკავშირის წევრ კიდევ სამ ქვეყანაში – ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში. ხოლო საფრანგეთში ის 1,767 ევროს, ესპანეთში კი 1,323 ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნიდან 13-ში მინიმალური თვიური ხელფასი 1,000 ევროზე ნაკლებია. ზუსტად 1,000 ევროს შეადგენს კვიპროსის მინიმალური თვიური ხელფასი.

ეს მაჩვენებელი მერყეობს 360 ევროდან (ჩრდილოეთ მაკედონია) 613 ევრომდე (თურქეთი) კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებს შორის. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრ ბულგარეთში (€477) უფრო დაბალი მინიმალური ხელფასია, ვიდრე თურქეთში, სერბეთსა და მონტენეგროში, რომლებიც EU-ს კანდიდატი ქვეყნები არიან.

მინიმალური თვიური ხელფასი (2024 წლის იანვარი)

  1. ლუქსემბურგი €2571
  2. ირლანდია €2146
  3. ნიდერლანდები €2070
  4. გერმანია €2054
  5. ბელგია €1994
  6. საფრანგეთი €1767
  7. ესპანეთი €1323
  8. სლოვენია €1254
  9. კვიპროსი €1000
  10. პოლონეთი €978
  11. პორტუგალია €957
  12. მალტა €925
  13. ლიეტუვა €924
  14. საბერძნეთი €910
  15. ხორვატია €840
  16. ესტონეთი €820
  17. ჩეხეთი €764
  18. სლოვაკეთი €750
  19. ლატვია €700
  20. უნგრეთი €697
  21. რუმინეთი €663
  22. ბულგარეთი €477

სიის წევრთა რიგითობა იცვლება, როდესაც მინიმალური ხელფასის მსყიდველობითი უნარის სტანდარტში (PPS) განხილვას ვიწყებთ, რაც, Euronews-ის განმარტებით, უფრო სამართლიან შედარებას იძლევა.

PPS არის Eurostat-ის მიერ განსაზღვრული „ხელოვნური ვალუტის ერთეული“, რომელიც ეფუძნება ქვეყნებს შორის ფასების დონის განსხვავებას. PPS-ის ერთ ერთეულს, თეორიულად, შეუძლია შეიძინოს ერთი და იგივე რაოდენობის საქონელი და მომსახურება თითოეულ ქვეყანაში.

მინიმალური ხელფასი, რომელიც მორგებულია PPS-ზე, ევროკავშირის ქვეყნებში ამჟამად მერყეობს ბულგარეთის 816 ევროდან, გერმანიის 1,883 ევრომდე.

მინიმალური თვიური ხელფასი მსყიდველობითი უნარის სტანდარტებში (2024 წლის იანვარი)

  1. გერმანია 1883 (PPS)
  2. ლუქსემბურგი 1877
  3. ნიდერლანდები 1778
  4. ბელგია 1729
  5. საფრანგეთი 1599
  6. ირლანდია 1508
  7. პოლონეთი 1491
  8. სლოვენია 1408
  9. ესპანეთი 1374
  10. ლიეტუვა 1172
  11. ხორვატია 1143
  12. რუმინეთი 1129
  13. კვიპროსი 1087
  14. პორტუგალია 1086
  15. საბერძნეთი 1031
  16. მალტა 1029
  17. უნგრეთი 1007
  18. ჩეხეთი 948
  19. სლოვაკეთი 869
  20. ესტონეთი 840
  21. ლატვია 823
  22. ბულგარეთი 816