მსოფლიო განახლებადი ენერგიის წყაროებს წარმოუდგენელი სიჩქარით ითვისებს. განახლებად ენერგიებს შორის კი ყველაზე დიდი ადგილი მზის ენერგიას უკავია.
2020 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გლობალურად 4.5%-ით შემცირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებმა საკმაოდ იმედის მომცემი პროგრესი განიცადა. განახლებადი ენერგიის წყაროები მეტ-ნაკლები პროპორციით ვითარდებოდა. თუმცა ამ მხრივ მზის ენერგიამ ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენა.
მხოლოდ 2020 წელს 127 გიგავატის სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ყველაზე დიდი ყოველწლიური მატებაა. აღნიშნული ტენდენციების შესახებ ინფორმაცია და სტატისტიკა განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოაგროვა და ერთ ანგარიშში გააერთიანა.
სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს ოკეანეთიდან დაწყებული, ამერიკის კონტინენტებით დამთავრებული, სახელმწიფოებმა მზის ენერგოსადგურების ექსპანსია თითქმის ყველა კონტინენტზე მოახერხეს ანტარქტიდის გამოკლებით.
ამ მაჩვენებლებში უპირობო ლიდერი ჩინეთია. ის მზის ენერგიის საერთო მოცულობის 35%-ს ფლობს. მეტიც, ქვეყანა არათუ ანელებს მზის ენერგიის განვითარების ტემპს, არამედ პირიქით, წლიდან წლამდე ტექნოლოგიური პროგრესი სულ უფრო მზარდია. ჩინეთი 254 000 მეგავატ მზის ენერგიას ფლობს, რაც ერთ სულ მოსახლეზე 147 ვატ მზისაგან გამომუშავებულ ელექტროენერგიას ნიშნავს. გარდა ამისა, ჩინეთს მსოფლიოში უდიდესი ქარისა და მზის ენერგიის პროექტები აქვს მილსადენებში, რასაც დამატებით 400 000 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია.
ამ მაჩვენებლებით მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეყანამ დამატებით 50 000 მეგავატი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, რის შემდეგაც მისი მთლიანი ტევადობა 100 000 მეგავატს გაუტოლდა. ამ მხრივ კი ის მსოფლიოში არსებული მზისაგან გამომუშავებული ელექტროენერგიის 10%-ს ფლობს. განსაკუთრებით განსაცვიფრებელია ის ფაქტი, რომ წლიური ზრდა აღნიშნულ ინდუსტრიაში შეერთებულ შტატებში 42% იყო. დარგის ექსპერტების მოსაზრებით კი ამგვარი შედეგის მიღწევის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მთავრობის სწორი ენერგოპოლიტიკა და პრიორიტეტები გახლავთ.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მსოფლიოში მესამე ადგილს მზისაგან გამომუშავებული ელექტროენერგიით იაპონია იკავებს. ქვეყანას 67 000 მეგავატი სიმძლავრის მზის პანელები აქვს, ერთ სულ მოსახლეზე კი ეს მაჩვენებელი 498 ვატს უტოლდება, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. ამ უკანასკნელ კატეგორიაში მასზე მაღალი მაჩვენებლები მხოლოდ გერმანიას (593 ვატი) და ავსტრალიას (637 ვატი) აქვს.
ეს უკანასკნელი, მართალია, ჩინეთის მზის პანელების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის თავშესაფარს წარმოადგენს, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე გამომუშავებული ენერგიით ის მსოფლიოში პირველ ადგილზე იმყოფება. ამის მიზეზი კი ბუნებრივად მისი მოსახლეობის სიმცირეა, რომელიც 26 მილიონ ადამიანს შეადგენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ავსტრალიის კონტინენტი მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით მზის რადიაციას იღებს, რაც მზის პანელების დასამონტაჟებლად ყველაზე ხელსაყრელი პირობაა. ავსტრალიის მოსახლეობის 30%-ს კი საკუთარი სახლების სახურავზე მზის ენერგოპანელები აქვთ განთავსებული.
ბუნებრივია, რომ ენერგორესურსების ცვლილება საჭირო და აუცილებელი ქმედებაა, განსაკუთრებით კი განახლებადი ენერგიების წყაროების გამოყენება ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკრეტულად მზის განახლებად ენერგიაზე გადასვლა, დიდი ალბათობით, ბოლო პერიოდში მისი ღირებულების მნიშვნელოვნად გაიაფებას უკავშირდება.
მზის ენერგიისაგან ელექტროენერგიის გამომუშავების ხარჯები გასული ათწლეულის განმავლობაში ერთმნიშვნელოვნად შემცირდა. ამჟამად კი ის განახლებად ენერგიებს შორის ყველაზე დაბალხარჯიან საშუალებად ითვლება. შეგახსენებთ, რომ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს მზის, ქარისა და წყლის ანუ ტალღების ენერგია განეკუთვნება.
2010 წლიდან მოყოლებული მზისაგან გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი 85%-ით ანუ თითქმის 2-ჯერ შემცირდა. საშუალოდ მზისაგან გამომუშავებული ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულება 0.28 დოლარიდან 0.04 დოლარამდე შემცირდა. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივად აიხსნება: რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებდა მზის პანელებს, მით უფრო გაიაფდა მისი წარმოებაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გაიაფებასთან ერთად კი მზის ენერგია უფრო მოგებიანიც გახდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წელს მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო მზის ენერგიის ფასები მცირედით მოიმატებს, თუმცა ეს პროცესი დროებითია და ინდუსტრია მალე დაუბრუნდება განვითარების ადრეულ სტადიებსა და ტენდენციებს.