წლის პირველ ნახევარში თბილისში რეალიზებული საცხოვრებელი უძრავი ქონების 8% უცხოელებმა შეიძინეს. TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან 2018 წლის პერიოდში, თბილისის უძრავი ქონების მიმართ უცხოელების ინტერესი მზარდი ტრენდით ხასიათდებოდა. მყიდველებს შორის უმეტესად რუსეთის, ირანისა და ევროპის მოქალაქეები იყვნენ.
2019 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა ირანელების მხრიდან უძრავი ქონების შეძენის მაჩვენებელი. თიბისი პროგნოზირებს, რომ ეს სიტუაცია საბინაო ბაზარს 80 მლნ დოლარს დააკლებს 2019 წელს.
კვლევის მიხედვით, თუკი 2015 წელს რეალიზებული საცხოვრებელი უძრავი ქონების მხოლოდ 3%-ის მყიდველები იყვნენ უცხოელები, მომდევნო წელს ეს მაჩვენბელი 4%-მდე, 2017 წელს 6%-მდე, 2018-ში კი 13%-მდე გაიზარდა.
ამავე პერიოდში (2015-2019) უცხოელებზე რეალიზებული ბინების 42% ირანის მოქალაქეებზე მოდის, 18% რუსებზე, 11% ევროპელებზე, 7% აზიისა და წყნარი ოკეანეთის რეგიონის მოქალაქეებზე, 6% ისრაელზე, 3% თურქეთზე, დანარჩენი წილი კი სხვა ქვეყნებზე.
გასულ წელს, უცხოელებზე რეალიზებული ბინების 61% მოდიოდა ირანელებზე, 10% რუსებზე, 4% კი ისრაელის მოქალაქეებზე.