რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე უარს აცხადებს

რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე უარს აცხადებს

გაეროსა და თურქეთის დახმარებით მიღწეულ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ვადა დღეს, დღის ბოლოს ამოეწურება. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გლობალური საკვების კრიზისის გაღრმავების შესაჩერებლად უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხოდ ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა, რასაც რუსეთი თურქეთის ძალისხმევით დათანხმდა, თუმცა ახლა მისი ვადის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და უკრაინის შავი ზღვის პორტების რუსულმა ბლოკადამ მარცვლეულზე ფასები გლობალურად გაზარდა. რუსეთი და უკრაინა კი მსოფლიო მასშტაბით მარცვლეულის ტოპ-ექსპორტიორები გახლავთ.

შეთანხმების ამჟამინდელი ვადების შესაბამისად, ბოლო გემმა უკრაინა გუშინ, კვირას დატოვა. შეთანხმების ფარგლებში უკრაინიდან დაახლოებით 33 მილიონი ტონა სიმინდი, ხორბალი და სხვა სახის მარცვლეულის ექსპორტი მოხერხდა.

რუსეთის ხელისუფლება შეთანხმების გაგრძელებაზე უარის მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ მისი მოთხოვნები საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის გასაუმჯობესებლად არ შესრულებულა. გარდა ამისა, რუსეთის განმარტებით, ექსპორტირებული მარცვლეული ღარიბ ქვეყნებში არ მოხვედრილა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ქვეყანა უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთთან, რათა რუსული ხორბლის საჭიროების მქონე ქვეყნებისათვის მიწოდება უზრუნველყოს.

რუსეთის ბრალდებებს არ ეთანხმება გაერო და განმარტავს, რომ მსოფლიო სურსათის პროგრამის ფარგლებში ავღანეთს, სუდანს, ჯიბუტის, ეთიოპიას, კენიას, სომალისა და იემენს 750,000 ტონა უკრაინული მარცვლეული მიეწოდა.

ცნობისთვის, რუსეთი გასული წლის განმავლობაში არსებული შეთანხმების გახანგრძლივებას სამჯერ დათანხმდა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, რუსეთის მთავარ მოთხოვნას ქვეყნის სოფლის მეურნეობის ბანკის, Rosselkhozbank-ის საერთაშორისო გადახდების სისტემა SWIFT-თან კვლავ მიერთება წარმოადგენს.