რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (FSB) ამერიკულ სადაზვერვო სააგენტოებს ქვეყანაში მყოფი რუსი მომხმარებლებისა და დიპლომატების ათასობით iPhone-ის დაჰაკვას ედავება. სამსახურის ინფორმაციით, ამერიკელებმა რუსი დიპლომატების გარდა, სირიელი, ისრაელელი, ჩინელი და ნატოს წევრ სახელმწიფოთა დიპლომატიური პირების iPhone-ებიც დაჰაკა.
რუსული მხარის მტკიცებით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებთან და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან ამ საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობს. თუმცა, FSB-ის საკუთარი ბრალდების გასამყარებლად მტკიცებულებები არ მოუყვანია.
ბრალდებას უპასუხა თავად Apple-მა და განმარტა, რომ ამერიკის მთავრობისათვის კომპანიის პროდუქტებზე წვდომა არასდროს მიუცია და არც მომავალში აპირებს. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია ამერიკის უსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოს (NSA).
სანაცვლოდ, კიბერუსაფრთხოების კომპანიის, Kaspersky Lab-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპლექსური და პროფესიონალური მიზანმიმართული კიბერშეტევის ობიექტი არაერთი მაღალი რანგის პირი გახდა. ევგენი კასპერსკის განმარტებით, კიბერთავდასხმა უხილავი ვირუსის დახმარებით განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც iOS საოპერაციო სისტემაში შეღწევა შესაძლებელი გახდა. თუმცა ევგენი კასპერსკის ამ თავდასხმაში რომელიმე სახელმწიფო ან სამთავრობო სამსახური არ დაუდანაშაულებია.