რუსეთში ჰიპერბგერითი რაკეტის წარმოების პროგრამაში ჩართული მეცნიერის სასამართლო პროცესი იწყება

რუსეთში ჰიპერბგერითი რაკეტის წარმოების პროგრამაში ჩართული მეცნიერის სასამართლო პროცესი იწყება

სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტის წარმოების პროგრამაში ჩართული მეცნიერის სასამართლო პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ანატოლი მასლოვის სასამართლო პროცესი პეტერბურგში ხუთშაბათს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ მასლოვთან ერთად ბრალდებას კიდევ ორი მეცნიერი იზიარებს. მეცნიერები ციმბირში, ქალაქ ნოვოსიბირსკის სამხედრო-სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჰიპერბგერითი რაკეტის ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობდნენ.

სანქტ-პეტერბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პროცესი მისი მნიშვნელობიდან და გაჟღერებული საიდუმლო ინფორმაციებიდან გამომდინარე მედიისა და საზოგადოებისათვის დაიხურა.

საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ანატოლი მასლოვმა გულის შეტევა ორჯერ მიიღო და დიდი დრო ნოვოსიბირსკის საავადმყოფოში გაატარა.

სამივე ბრალდებული ჰიპერბგერითი ტექნოლოგიის სპეციალისტია. ამ ტიპის რაკეტების განვითარება კი რუსეთის სამხედრო ტექნოლოგიების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. „ხრისტიანოვიჩის ინსტიტუტის“ მეცნიერებმა დაკავებულების მხარდასაჭერი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც მათ უდანაშაულობასა და პატრიოტიზმზე აპელირებენ. წერილში კოლეგები ხაზს უსვამენ იმას, რომ მეცნიერებმა ოკეანის გადაღმა მაღალანაზღაურებად სამსახურებზე უარი სწორედ სამშობლოს სიყვარულის გამო თქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ღალატის შესახებ დეტალები უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი მეცნიერებს ჰიპერბგერითი ტექნოლოგიის შესახებ ჩინეთისთვის ინფორმაციის მიწოდებას ედავება. წყაროს ცნობით, ანატოლი მასლოვი თავს მოღალატედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა.