Reuters-ის ინფორმაციით, ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კორპორაცია Yandex NV-მა რუსული ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. ქვეყანაში ტექნოლოგიურ ჯგუფ Yandex-ის აქტივებს რუსი ინვესტორების მიერ მართული კონსორციუმი შეიძენს.
კონსორციუმის მიერვე, ორშაბათს გამოქვეყნებული პირობებით, გარიგების ღირებულება $5.2 მილიარდი იქნება. მხარეებს შორის ანგარიშსწორება ნაღდი ფულისა და აქტივების საშუალებით შედგება. შეძენისა და სვოპის გზით, კონსორციუმი Yandex NV-სგან მაქსიმუმ 107,729,866 აქციას მიიღებს – აქციაზე 1,251.8 რუბლის ($13) ფასად. გაცვლა მოხდება 1:1 თანაფარდობით.
$5.2-მილიარდიანი შეფასებით, Yandex-ის მიერ რუსეთის ბაზრის დატოვება ქვეყნისთვის შესაძლოა უმსხვილესი გასვლა აღმოჩნდეს. თავის მხრივ, რუსული ერთეული მოგების მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენდა მშობელი კომპანიისთვის. მხოლოდ გასული წლის პირველ ცხრა თვეში მან Yandex-ის კონსოლიდირებული შემოსავლების 95% შეადგინა.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ვებსაიტზე განთავსებული განცხადების მიხედვით, გარიგების პირველი ეტაპის ფარგლებში, Yandex-ი რუსულ კონსორციუმს აქტივების 68%-ს მიჰყიდის. დარჩენილი წილის გადაცემა მეორე ეტაპზე მოხდება, რომელიც პირველის დასრულებიდან დაახლოებით 7 კვირაში დაიხურება.
ნიდერლანდური კორპორაციის მიერ რუსული ბიზნესის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ნოემბერში Bloomberg-მაც გაავრცელა. გამოცემის ცნობით, კომპანიის გადაწყვეტილება მისი დამფუძნებლის მხრიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობას უკავშირდებოდა.
Yandex-ის ონლაინსერვისები და პროდუქტები, მგზავრობის გაზიარებით დაწყებული, ელექტრონული ფოსტით დასრულებული, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუსეთში. თუმცა სიტუაცია 2023 წლის აგვისტოში, კომპანიის თანადამფუძნებელ არკადი ვოლოჟის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეიცვალა. ვოლოჟმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას „ბარბაროსული“ უწოდა.
ამერიკული Forbes-ი არკადი ვოლოჟის ქონების წმინდა ღირებულებას $1.5 მილიარდად აფასებს. რუსი მილიარდერი კვლავ Yandex-ის უმსხვილესი აქციონერია, თუმცა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის მხრიდან ინდივიდუალური სანქციების დაწესების შემდეგ დატოვა.