2020 წლის ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ზომა, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედმა 18-მა სადაზღვევო კომპანიამ პრემიების სახით ჯამში 667 მილიონი ლარი მოიზიდა, რაც წლიურად 42.3 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით გაიზარდა. ამასთან, სექტორის წმინდა მოგებამ 47.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის წმინდა მოგებასთან შედარებით 89%-ით მეტია.
სადაზღვევო ბაზრის სეგმენტების რეიტინგი 2020 წლის მდგომარეობით
ცალკეული სეგმენტების მიხედვით, სადაზღვევო სექტორის ყველაზე დიდი მიმართულება კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისია. ამ მიმართულებით კომპანიებმა ჯამში 267.6 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2019 წლის შედეგს 33.6 მილიონი ლარით აღემატება. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოსახლეობის 17%, ანუ 620,000 მოქალაქე სარგებლობდა კერძო სამედიცინო დაზღვევის პაკეტით. მომხმარებლებისა თუ მათი დამსაქმებლების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისში გადახდილი პრემია 2020 წელს თვეში საშუალოდ 36 ლარი იყო.
ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის გადანაწილება კომპანიების მიხედვით
ზომის მიხედვით, მეორე ადგილზეა ავტოდაზღვევის სეგმენტი, სადაც მოზიდული პრემიების მოცულობა 116.7 მილიონი ლარია, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4.6 მილიონით მეტია. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 93,000 ავტომობილი იყო დაზღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 6% არის დაზღვეული, ერთი ავტომობილის საშუალო სადაზღვევო პრემია კი თვეში საშუალოდ 104 ლარია. სადაზღვევო სფეროს მესამე უმსხვილესი მიმართულება ქონების დაზღვევაა, რა მიმართულებითაც კომპანიებმა 108 მილიონის პრემია მიიღეს. ქონების დაზღვევის სეგმენტი 2020 წელს 19.8 მილიონი ლარით გაიზარდა.
ავტოდაზღვევის ბაზრის გადანაწილება მოზიდული პრემიების მიხედვით
ქვეყანაში მოქმედ 18 სადაზღვევო კომპანიას შორის, 2020 წელსაც პირველ ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგი” იყო, რომელმაც 2020 წელს 128.9 მილიონი ლარის პრემია გამოიმუშავა. 106.9 მილიონი ლარის მოზიდული პრემიით ბაზრის მეორე ადგილზე არის „ალდაგი”, 89.3 მილიონი ლარის პრემიით კი მესამე ადგილზე „თიბისი დაზღვევა” იმყოფება. ფინანსური ანგარიშების თანახმად, 2020 წელს სადაზღვევო კომპანიების ზუსტად ნახევარში შემოსავლის ზრდა, ნახევარში კი შემცირება დაფიქსირდა.
საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი 2020 წელს მოზიდული პრემიების მოცულობის მიხედვით