Saint Laurent-ი მომავალ წლამდე ბეწვის გამოყენებას სრულად აკრძალავს

Saint Laurent-ი მომავალ წლამდე ბეწვის გამოყენებას სრულად აკრძალავს

ფრანგული მოდის ბრენდი Saint Laurent-ი 2022 წლისთვის კოლექციაში ბეწვის გამოყენებას სრულად აკრძალავს. ამის შესახებ ბრენდის მესაკუთრე კომპანია Kering-მა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ Saint Laurent-ის გარდა, კომპანიის კიდევ ერთი ბრენდი Brioni, 2022 წლის შემოდგომის კოლექციისთვის ბეწვს აღარ გამოიყენებს.

Kering-ის აღმასრულებელი დირექტორის ფრანსუა-ანრი პინოს თქმით, „სამყარო შეიცვალა“.  Saint Laurent-ი და Brioni უკანასკნელნი არიან კომპანიის იმ ბრენდებს შორის, რომლებმაც პროდუქციაში ბეწვის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. ბეწვის გამოყენებაზე უარი უკვე თქვეს Kering-ის დანარჩენმა შვილობილმა კომპანიებმა, მათ შორისაა: Gucci, Balenciaga, Bottega Venata და Alexander McQueen-ი. პინოს განცხადებით, მათი კომპანია ყოველთვის მხარს უჭერს ცხოველთა კეთილდღეობას და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ბეწვეულის გამოყენების შესაწყვეტად. სამყარო შეიცვალა და „ფუფუნების ინდუსტრიაც“ ამ მოცემულობას უნდა შეეგუოს.

ორგანიზაცია „საზოგადოება ცხოველებისადმი ეთიკური მოპყრობისთვის“ (Peta) კომპანიის ამ ნაბიჯს მიესალმა. Peta ათწლეულების განმავლობაში მოუწოდებდა ბრენდებს ბეწვის გამოყენების აკრძალვისკენ. Peta-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ ყველა მოდის სახლი, რომელიც 2021 წელს კვლავ ყიდის ბეწვის პროდუქციას, სამარცხვინოა. არცერთი დიზაინერი, რომელსაც გრძნობები გააჩნია, ცხოველის ბეწვს არ შეეხება, ადამიანი კი, ვისაც გული აქვს, მას არ ჩაიცვამს.

Peta ამჟამად კიდევ ერთ მოდის სახლს, Louis Vuitton-ს მოუწოდებს, მის კონკურენტებს მიბაძოს და ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვას. თუმცა, როგორც LVMH-მ განაცხადა, ისინი ბეწვს გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისგან არ იღებენ და მაქსიმალურად ეთიკურ გზას მიმართავენ კოლექციაში ბეწვის გამოყენებისას.