საკუთარი ქონების უდიდეს ნაწილს ბილ გეიტსი ქველმოქმედებას სიცოცხლეშივე მოახმარს

საკუთარი ქონების უდიდეს ნაწილს ბილ გეიტსი ქველმოქმედებას სიცოცხლეშივე მოახმარს

2026 წლისთვის „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ ყოველწლიურად $9 მილიარდს გამოყოფს, რაც საგრძნობი მატებაა ფონდის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, – ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბილ გეიტსი საკუთარ ბლოგში წერს. როგორც ბლოგიდან ირკვევა, ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად, ბილ გეიტსმა ფონდში $20 მილიარდი უკვე გადარიცხა.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეიტსის ეს მიმართვა ერთგვარი საეტაპო ტექსტია, რომელშიც მილიარდერი თავისი საქველმოქმედო ფონდის ოცწლიან საქმიანობას აჯამებს. ბილ გეიტსი წერს, რომ 2000 წლიდან, როცა მან და მისმა ყოფილმა მეუღლემ, მელინდა გეიტსმა ფონდი დააარსეს, მათი ფონდის, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, კერძო სექტორისა და არაკომერციული ორგანიზაციების დახმარებით, განახევრდა როგორც ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ასევე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი. ამასთანავე, საგრძნობლად შემცირდა შიდსით, ტუბერკულოზით და მალარიით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები. თანაც, ბილ გეიტსის შეფასებით, ეს პროგრესი მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისთვის ან ერთი კონკრეტული რეგიონისთვის კი არ არის დამახასიათებელი, არამედ ყველგან იგრძნობა.

საინტერესოა, რომ ბილ გეიტსის ბლოგის ნაწილი „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის“ მთავარ ინდივიდუალურ შემომწირველს, უორენ ბაფეტს ეხება – გეიტსის თქმით, ბაფეტის დახმარების გარეშე, ფონდი ასეთ ამბიციურ გეგმებს ვერასდროს დაისახავდა. როგორც ბლოგიდან ირკვევა, 2006 წლის შემდეგ, უორენ ბაფეტმა ფონდს დონაციების სახით $35.7 მილიარდი გადასცა. თუმცა ფულადი კონტრიბუციის გარდა ბილ გეიტსი ომაჰელი ინვესტორის რჩევებსა და დახმარებაზეც ამახვილებს ყურადღებას: „უორენ, სათანადოდ ვერასდროს გამოვხატავ, თუ რამდენად ვაფასებ შენს მეგობრობას, დახმარებასა და დიდსულოვნებას“, – წერს გეიტსი.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის განცხადებით, საკუთარი ქონებას უმეტეს ნაწილს ის სწორედ „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს“ დაუტოვებს. „დროთა განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში დავქვეითდები და საბოლოოდ სიიდან ამოვვარდები კიდეც. ამ თანხის გაცემა ჩემი მხრიდან მსხვერპლის გაღება სულაც არ არის. თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ დიდ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობა მაქვს – ამ საქმეს სიამოვნებით ვაკეთებ და მჯერა, რომ ვალდებული ვარ, ჩემი რესურსები საზოგადოებას იმგვარად დავუბრუნო, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გავაუმჯობესო“, – წერს ბილ გეიტსი.

საკუთარ ბლოგში ბილ გეიტსი თავისი ფონდის სამომავლო გეგმების შესახებაც წერს. მილიარდერის განცხადებით, მისი ფონდი მომავალი პანდემიების პრევენციის, ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების, დაავადებების აღმოფხვრის, საკვების უსაფრთხოებისა და კლიმატური ადაპტაციის, გენდერული თანასწორობის, განათლებისა და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების მიმართულებებით იმუშავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *