სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალება

სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალება

სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის პოლიტიკის დაგეგმარების ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალება. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ცხოველთა უფლებების შესახებ ცნობიერების ზრდითაა გამოწვეული.

უკანასკნელი წლებია, ძაღლის ხორცის ჭამის კორეულ ტრადიციას დასავლურ საზოგადოებაში აქტიური კრიტიკა მოჰყვება. ამ ტრადიციას სამხრეთ კორეაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობაც აპროტესტებს. „დროა, დავასრულოთ სოციალური კონფლიქტი ამ საკითხის შესახებ და ძაღლის ხორცის მოხმარება სპეციალური კანონით შევწყვიტოთ“, – განაცხადა სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის პოლიტიკის დაგეგმარების ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომაზე.

მმართველი პარტია შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას სამხრეთ კორეის პარლამენტში წლის ბოლომდე წარადგენს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, უწყება კანონის იმპლემენტაციას ხელს შეუწყობს და ძაღლის ხორცის ინდუსტრიის ბიზნესებს ფუნქციონირების შეწყვეტაში დაეხმარება. ძაღლის ხორცის მოხმარების წინააღმდეგ ინიციატივას სამხრეთ კორეის პრეზიდენტიც და პირველი ლედიც აქტიურად ლობირებდნენ.

მსგავსი მოწოდება სამხრეთ კორეაში წარსულშიც გაჟღერდა, თუმცა მისი კანონის იმპლემენტაცია ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროტესტის გამო ვერ მოხერხდა. ცნობისათვის, ძაღლის ხორცის ჭამა კორეის ნახევარკუნძულზე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა.

სამხრეთ კორეის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში ძაღლის 1,150 ფერმა, 34 სასაკლაო, 219 სადისტრიბუციო კომპანია და 1,600 რესტორანია, რომელთა საქმიანობა ძაღლის ხორცის დამუშავებას უკავშირდება. უკანასკნელი კვლევის თანახმად, კორეის მოსახლეობის 64% ძაღლის ხორცის მოხმარების წინააღმდეგია.