სამხრეთკორეელი მილიარდერის ქონება ბოლო ერთ თვეში $2,2 მლრდ–ით გაიზარდა

სამხრეთკორეელი მილიარდერის ქონება ბოლო ერთ თვეში $2,2 მლრდ–ით გაიზარდა

სამხრეთ კორეაში რიგით მეორე ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქონება $2,2 მილიარდით გაზარდა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, მისი ქონება $8,3 მილიარდს შეადგენს. მისი ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქციები კი 18 მარტის შემდეგ 37,6%–ით გაიზარდა.

საუბარია კომპანია Celltrion–სა და მის დამფუძნებელ 62 წლის სეო ჩონ ჟინზე.

აღსანიშნავია, რომ ბიოტექნოლოგიური კომპანია Celltrion–ი კორონავირუსის სამკურნალო საშუალებების და ახალი ტესტების შემუშავებასა და წარმოებაზე მუშაობს.

როგორც კომპანიის კვლევისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, ანტივირუსული სამკურნალო საშუალებების ადამიანზე კლინიკური გამოცდა ივლისში დაიწყება. მისივე თქმით, კომპანია მუშაობს, სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტების წარმოებაზეც, რაც ასევე მიმდინარე წლის ზაფხულში იქნება მზად.

ცნობისთვის, Celltrion-ის გაყიდვებმა 2019 წელს $968 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.9%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მისი დამფუძნებელი სეო 1980-იან წლებში Samsung–ში ელექტრომექანიკოსად მუშაობდა, ის ელექტრო ნაწილებს აწარმოებდა. მოგვიანებით სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი Daewoo Motor–ის აღმასრულებელი გახდა, თუმცა, კომპანია 1999 წელს დატოვა აზიის ფინანსური კრიზისის დროს. Daewoo კი 2000 წელს გაკოტრდა.

“ჩემი სიდედრი მეუბნებოდა, ახლა როგორ უნდა იშოვო ფულიო. დაღლილი ვიყავი მისი ბუზღუნით, ამიტომაც გადავწყვიტე რაღაც გამეკეთებინა“, – იხსენებს სეო, მისი თქმით, სწორედ 2002 წელს მან შექმნა კომპანია Celltrion და დღეს უკვე ის ქვეყნის რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია.