დაფასოებული სამკურნალო საშუალებები საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო პროდუქციას შორის მეხუთე ადგილს იკავებს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 140 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების სამკურნალო საშუალებები გავიდა და მათი წილი მთლიან ექსპორტში 5.2%-ს შეადგენდა.
ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტი უზბეკეთში განხორციელდა. კერძოდ, საქართველოდან აღნიშნულ ქვეყანაში ერთ წელში 52.6 მლნ დოლარის ღირებულების საკმურნალო საშუალებები გავიდა. საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც ექსპორტმა 22.3 მლნ დოლარი შეადგინა, მესამე პოზიციაზე კი რუსეთია 11.2 მლნ დოლარით. საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში შედის უკრაინაც – 10 მლნ დოლარით და ბელარუსი 9 მლნ დოლარით.
რაც შეეხება საქართველოდან სამკურნალო საშუალებების უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიებს, პირველი ხუთეული შემდეგია:
შპს “ჯი–ემ–პი“ – კომპანია GMP-ის ფარმაცევტული საწარმო თბილისში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს 100-მდე დასახელების მედიკამენტის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანია ჯამში 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს აწარმოებს, რომლის დაახლოებით 60%-ს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, დანარჩენი კი ექსპორტზე გააქვს.
შპს ფარმექსიმი – კომპანია 2015 წელს არის რეგისტრირებული, მისი 100%-იანი წილის მფლობელი მალტაში რეგისტრირებული „სონიქს ჰოლდინგია“.
შპს ფარმა ლოჯისტიკ – კომპანია საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ათეულშიც შედის. ფარმა ლოჯისტიკი ძირითადად, მედიკამენტების რეექსპორტს ახორციელებს.
შპს ველფარ ინთერნეიშენალ – კომპანია 2014 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე ვაფადარ ჰასანოვია.
შპს ფარმსტანდარტ – კომპანია 2017 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მესაკუთრე ავქსენტი მერაბიშვილია.
სტატისტიკის სამსახურის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული კომპანიების დასახელება არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით, ამასთან, საქსტატი არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა მოცულობის ექსპორტი განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა.