სანქცირებული ნავთობის იმპორტით ჩინეთმა მილიარდობით დოლარი დაზოგა - Reuters

სანქცირებული ნავთობის იმპორტით ჩინეთმა მილიარდობით დოლარი დაზოგა - Reuters

მედიასააგენტო Reuters-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, დასავლური ქვეყნების მიერ დასანქცირებული ნავთობის იმპორტით წელს ჩინეთმა უკვე $10 მილიარდამდე თანხის დაზოგვა შეძლო. აშშ-ისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების მიერ რუსეთის, ირანისა და ვენესუელის ნავთობზე დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებელი შედეგი სწორედ იმ საიმპორტო ხარჯების შემცირებაა, რაც მათმა კონკურენტმა ჩინეთმა თავის სასიკეთოდ გამოიყენა.

Reuters-ის ანალიზი სწორედ აღნიშნული სამი ქვეყნიდან ჩინეთის მიერ იმპორტირებული ნავთობის ხარჯებს აღწერს. მონაცემებს კი ადარებს იმ მოცემულობას, სადაც ჩინეთს ნავთობის შესყიდვა არასანქცირებული კომპანიებისგან მოუწევდა და სხვაობასაც სწორედ ამის მიხედვით ითვლის.

სანქცირებული ნავთობის ჩინეთის მიერ შეძენა მოსკოვის, თეირანისა და კარაკასისთვისაც შვებას წარმოადგენს, ვინაიდან მათი ეკონომიკები დასავლური სანქციებისა და ინვესტიციის კლებისაგან მეტად დაზარალებულია.

ნავთობის ტანკერების გადაზიდვების მონაცემების გაანალიზებით დგინდება, რომ 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ჩინეთმა რუსეთიდან, ირანიდან და ვენესუელიდან დღეში საშუალოდ 2.765 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტი განახორციელა. მთლიანობაში, ჩინეთის იმპორტის 25%-მდე 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში სწორედ ამ სამ ქვეყანაზე მოდის.

მხოლოდ სანქცირებული რუსული ნავთობის იმპორტით, ჩინეთმა წელს $4.34 მილიარდის დაზოგვა შეძლო. ვენესუელის შემთხვევაში, კოლუმბიურ Castilla-ს ნედლ ნავთობთან შედარებით, თითო ბარელ იმპორტირებულ ნავთობზე დანაზოგი 10 აშშ დოლარს შეადგენს. ირანის შემთხვევაში კი ომანური არასანქცირებული ნავთობის ფასების გათვალისწინებით, თითო ბარელ ნავთობზე $15 დაიზოგა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი დასავლეთის მიერ აღნიშნული ქვეყნების ნავთობზე დაწესებულ სანქციებს ოპონირებს.