ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთი ვადით მოიპოვა გამარჯვება. მოქმედ პრეზიდენტს მხარი ამომრჩეველთა 92.1%-მა დაუჭირა. საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 67.7% შეადგინა.
საბოლოო მონაცემების დათვლამდე, ამერიკულმა ორგანიზაცია Oracle Advisory Group-მა ეგზიტპოლის შედეგებიც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევმა ხმათა 93.9% მოაგროვა. ეგზიტპოლის შედეგები 63,000-მდე ადამიანის გამოკითხვას ეყრდნობოდა. ალიევთან ერთად პრეზიდენტობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოდა, თუმცა ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.
ილჰამ ალიევი, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე 2003 წელს მამამისი ჰეიდარი ჩაანაცვლა, ტრადიციულად, არჩევნებში ხმათა 85%-ზე მეტს იღებს ხოლმე. თუმცა უფლებადამცველი ჯგუფები, აზერბაიჯანის ოფიციალური პირებისგან განსხვავებით, არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ეჭვქვეშ აყენებენ. ოფიციალური პირების მტკიცებით კი, ალიევის პოპულარობა ყარაბაღში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
ალიევს პრეზიდენტობის რიგით მეოთხე, 7-წლიანი ვადა 2025 წელს ეწურებოდა. თუმცა იანვარში, 62 წლის ლიდერმა მოულოდნელად ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ყარაბაღის დაბრუნებით, ქვეყანამ სუვერენიტეტი აღიდგინა და „ახალი ერა დაიწყო“.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მთიან ყარაბაღშიც, რომელზედაც სრული კონტროლი აზერბაიჯანმა გასული წლის შემოდგომაზე აღიდგინა. პრეზიდენტმა ალიევმა საკუთარი არჩევანი სწორედ მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრში დააფიქსირა.