2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.4%-ით, $821.1 მილიონამდე გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ექსპრესმონაცემებიდან ირკვევა.
როგორც დოკუმენტიდან ჩანს, ექსპორტის მატება ძირითადად მარტში ექსპორტის მოცულობის $326.3 მილიონამდე გაზრდას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, 2020 წლის მარტთან შედარებით 30.8%-ით ანუ $76.8-მილიონიანი მატებიდან გამომდინარეობს.
თვეების მიხედვით ექსპორტის მოცულობა შემდეგნაირია:
- იანვარი – $224.4 მილიონი, კლება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.2%;
- თებერვალი – $270.3 მილიონი, მატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%;
- მარტი – $326.3 მილიონი, მატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30.8%.
რაც შეეხება იმპორტის მოცულობას, ის 2021 წლის პირველ კვარტალში 2.4%-ით შემცირდა და $1.95 მილიარდი შეადგინა.
საერთო ჯამში, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $2 773.5 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3%-ით ნაკლებია. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 2021 წლის იანვარ-მარტში $1.13 მილიარდი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.
თვეების მიხედვით იმპორტის მოცულობა შემდეგნაირია:
- იანვარი – $561.9 მილიონი;
- თებერვალი – $622.7 მილიონი;
- მარტი – $767.9 მილიონი.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 აპრილს გამოქვეყნდება.