2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია.
წინა წელს ექსპორტი 6.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15.4 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 14 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და აშშ. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (862.1 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (787.1 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (703 მლნ აშშ დოლარი). საიმპორტო პარტნიორ ქვეყანათა პირველ სამეულში კი შედის: თურქეთი (2.6 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (1.9 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.7 მლრდ აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2.1 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 479.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 259 მლნ აშშ დოლარით (4.3 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3.2 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.2 მლრდ აშშ დოლარით (იმპორტის 7.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 542.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.5 პროცენტი).