“არჩევნების დაცვა ჩვენი გუნდისთვის არის პრიორიტეტი, სწორედ ამიტომ ჩვენ პროაქტიურ მონიტორინგს ვატარებთ საქართველოსა და მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებშიც 2020 წელს არჩევნები არის დაგეგმილი,”- Forbes Georgia-სთან საუბარში Facebook-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათანიელ გლეიჩერი.
ამასთან გლეიჩერი დასძენს, რომ არაავთენტური და სიცრუის შემცველი აქტივობების შეჩერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა. ეს კი იმისთვის არის აუცილებელი, რომ Facebook-მა კონტექტის ფართო გაგებით უფრო სრულყოფილად გაიგოს ის მიზნები, რომელთა მიღწევასაც ცდილობენ ჯგუფები, რომლებიც მსგავს ქსელებს მართავენ.
დღესვე, Facebook-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათანიელ გლეიჩერმა ორგანიზაციის მიერ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, არაავთენტური ქმედებების გამო გატარებული ღონისძიებების შესახებ მედიის წარმომადგენელთან გამართა ბრიფინგი. ბრიფინგზე გლეიჩერმა განაცხადა, რომ მათ გასული თვის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაო გასწიეს, კერძოდ კი წაშალეს ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებრივ განწყობაზე ცდილობდნენ ზეგავლენის მოხდენას.
კერძოდ კი Facebook-მა წაშალა პარტია “ქართული ოცნების” PR კონსულტანტის – ნიკოლოზ (კოკა) ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ “ეSპერსონასთან” დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში. “ქართული ოცნება” ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება არაა, რომელთან კავშირში მყოფი პირების მიერ მართული გვერდები და ანგარიშები დაიბლოკა. Facebook-ის განცხადების მიხედვით, ანალოგიური სანქცია შეეხო პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულ 23 ფეისბუქ ანგარიშს, 80 გვერდს, 41 ჯგუფისა და 9 ინსტაგრამ ანგარიშს. ამ ორგანიზაციების მიერ Facebook რეკლამებზე ჯამში $53.8 ათასი დოლარი იყო დახარჯული.
ინტერვიუ Facebook-ის კიბერუსაფრთხოების ხელმძვანელთან – ნათანიელ გლეიჩერთან:
– რისი თქმა შეგიძლიათ საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ?, გეგმავთ თუ არა უფრო პროაქტიული გახადოთ თქვენი მონიტორინგი ამ თარიღთან მიმართებით?
– არჩევნების დაცვა ჩვენი გუნდისთვის არის პრიორიტეტი, სწორედ ამიტომ პროაქტიურ მონიტორინგს ვატარებთ საქართველოსა და მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებშიც 2020 წელს არჩევნები არის დაგეგმილი. ჩვენ შესაბამისად ვაგრძელებთ კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების (CIB) მონიტორინგს და გატარებული ზომების შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ.
– რა არის თქვენი კიბერუსაფრთხოების გუნდის მიერ საქართველოში გატარებული ზომების მასშტაბი?
– ჩვენ კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების შემცირების მხრივ მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ. ჩვენი პარტნიორობა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რაც როგორც რეგიონალურ ექსპერტიზაში, ასევე ენის ცოდნაში გამოიხატება.
– თუ აკეთებთ მონიტორინგს იმისა, თუ რამდენად ერევიან საგარეო აქტორები (უცხოეთიდან ოპერირებადი ანგარიშები) საქართველოს Facebook სივრცეში, მათგან თუ მომდინარეობს კოორდინირებული არაავთენტური ქმედებები?
– დიახ, ამ საკითხსაც რა თქმა უნდა ვაქცევთ ყურადღებას. გეტყვით რომ დღეს ჩვენ მიერ გამოქვეყენბული ანგარიში ორი ძირითადი ქსელის დახურვის შესახებ, ისევე როგორც 2019 წლის დეკემბერში ჩვენ მიერ დახურული ქსელი ადგილობრივი წარმოშობის ქსელებს წარმოადგენდა. ეს მაგალითები ხაზს უსვამს, რომ ჩვენ საქართველოში ჩარევისგან თავისუფალი არჩევნებისა და საზოგადოებრივი დისკუსიის შენარჩუნებისთვის ვზრუნავთ.
– რამდენად დიდია ენის ბარიერი იმისთვის, რათა Facebook-მა აღმოაჩინოს და გამოკვეთოს ის რომ სათანადოდ დარწმუნდეთ რომ თქვენ მართლაც კოორდინირებული ქსელი აღმოაჩინეთ? რამდენად განსხვავდება ამ მხრივ თქვენი საქმიანობა ინგლისურ და არაინგლისურენოვან ქვეყნებს შორის?
– ამგვარი ქსელების აღმოჩენისთვის ჩვენთვის მთავარია ის თუ როგორ არის მოწყობილი ეს ქსელები. შესაძლოა ამ ქსელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აუცილებლად მცდარი არ იყოს, მაგრამ ფაქტი, რომ პირები, რომლებიც ამ ქსელებს მართავენ საკუთარ იდენტობას მალავენ და მას სხვად წარმოაჩენენ ჩვენთვის არაავთენტური კოორდინირებული ქმედების (CIB) კლასიფიცირების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება თქვენ მიერ დასახელებულ ენის ბარიერს, ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციები გავწიეთ იმისთვის, რათა ამ მხრივ ჩვენი დაფარვა ნაკლებად გლობალურ ენებზეც გაგვევრცელებინა. მოგეხსენებათ, რომ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია მათ შორის მიანმარში განხორციელებულ ქმედებებზეც. საქართველოს შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ საგამოძიებო გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ ენას სრულყოფილად ფლობენ და შეუძლიათ ჩვენთვის ამ საქმიანობაში დახმარების გაწევა.
სტატიის განახლება 15:00-ზე თავდაპირველ ვერსიაში კითხვებზე პასუხები მიკუთვნებული იყო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Facebook-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის იან საიჯიენისადმი, რადგან Forbes Georgia-მ ამ კითხვებზე პასუხები ელექტრონული მიმოწერის საშუალებით მისგან მიიღო, თუმცა კი Facebook-ის განმარტებით უშუალოდ კითხვებზე პასუხების ავტორი Facebook-ის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი ნათანიელ გლეიჩერია.