საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესის მხარდაჭერის პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ბიზნესების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი Cashback-ის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ მიკრო, მცირე და საშუალო თუ დიდი ზომის ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება ბიზნესის განვითარებისთვის და Cashback-ის სახით ანგარიშზე დაიბრუნონ მოთხოვნილი თანხის მაქსიმუმ 15% .
პროექტის მიზანია, ქართული ბიზნესისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვა.
პროგრამაში ჩართვა და შესაბამისად, Cash back-ით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:
- ძირითადი საშუალებების შეძენა;
- საწარმოს მშენებლობა/გადაიარაღება;
- ენერგო კრედიტისთვის და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება „მწვანე ბიზნესს“. მათ, რომლებიც დაფინანსებას მიმართავენ პროდუქტის წარმოებისას ნაკლები ელექტროენერგიის ხარჯვისკენ ან უკვე არსებული ენერგიით შეძლებენ აწარმოონ მეტი პროდუქტი. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი ძველი დანადგარის ახლით ჩანაცვლებით ბიზნესი შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
ამ პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ექსპერტთა მხარდაჭერა, რაც მოიცავს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაწეულ სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს. აღსანიშნავია, რომ Cashback-ის მიღების პარალელურად, შესაძლებელია ბიზნესმა ისარგებლოს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებით.