მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთმა ფრანგული სამხედრო კომპანიის, Arquus-ის მიერ წარმოებული Bastion-ის ტიპის ჯავშანტექნიკა საქართველოს გავლით მიიღო. აღნიშნული განცხადება ჟურნალისტმა ლეონიდ ნერსესიანმა გაავრცელა და თან საქართველოში, ფოთის პორტში განთავსებული Bastion-ების ფოტოსურათი დაურთო.
ცნობისთვის, სომხეთის მიერ მიღებული Bastion-ის ტიპის ჯავშანტექნიკა სწორედ ის შეიარაღებაა, რომლის უკრაინისთვის მიწოდების გადაწყვეტილებაც Arquus-მა 2022 წელს მიიღო. კომპანია უკრაინისთვის მარაგებში არსებული 24 ერთეული Bastion-ის ტიპის ჯავშანტექნიკის მიწოდებას გეგმავდა. ამის შესახებ განცხადება პირველად 2022 წლის 3 ოქტომბერს ფრანგულმა გამოცემა La Tribune-მა გაავრცელა. ამ საკითხზე მომუშავე ჟურნალისტების განმარტებით, უკრაინისათვის აღნიშნული ჯავშანტექნიკის გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები დიდი ხანი გაგრძელდა, თუმცა, როგორც ჩანს, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
როდის გამოხატა ინტერესი და რა ეტაპზე ჩაერთო სომხეთი უკრაინისათვის განკუთვნილი შეიარაღების შესყიდვის პროცესში, უცნობია. თუმცა ფრანგული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორები სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანსატრანსპორტო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.