საინვესტიციო კომპანია “საქართველოს კაპიტალმა” საგანმანათლებლო სექტორში პარტნიორობის შეთანხმება “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” გააფორმა.
“ბრიტანულ-ქართული აკადემია” 2006 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში. ამჟამად სკოლას ქართულ და “Cambridge International Education”-ის მიერ აკრედიტებულ ბრიტანულ საერთაშორისო პროგრამებზე, 700-ზე მეტი მოსწავლე და 80-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მასწავლებელი ჰყავს. სკოლის თანამედროვე კამპუსი, რომელიც 1.5 ჰექტარზეა განთავსებული, ლისის ტბის მახლობლად მდებარეობს. სკოლის ინფრასტრუქტურა აერთიანებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საგანმანათლებლო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შიდა და გარე სპორტულ დარბაზებს, საცურაო აუზს, მრავალფუნქციურ კალათბურთის, ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და რაგბის ღია მოედნებს.
“ბრიტანულ-ქართული აკადემია” და “საქართველოს კაპიტალი” არსებული სკოლის გაფართოებას და დამატებით ახალი სკოლის მშენებლობას გეგმავენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სკოლა 3,350 მოსწავლის მიღებას შეძლებს.
ირაკლი გილაური, “საქართველოს კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი: “მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ “საქართველოს კაპიტალმა” და “ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ” ხელი მოაწერეს პარტნიორობის ხელშეკრულებას. ეს შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს “საქართველოს კაპიტალის” სამომავლო გეგმების განხორციელებაში საგანმანათლებლო მიმართულებით. გვჯერა, რომ სკოლის მენეჯმენტთან თანამშრომლობით, წარმატებით შევძლებთ საქართველოში სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებას და საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას.”
ნათია ჯანაშია, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დირექტორი: “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა” და “საქართველოს კაპიტალს” შორის პარტნიორობის შეთანხმება შესაძლებლობას მოგვცემს, გავაფართოოთ და განვავითაროთ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლის ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია ინოვაციური სწავლისა და სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის. აღნიშნული შეთანხმება შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტ მოსწავლეს შევთავაზოთ მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და აქტივობები, ამავდროულად, ხელი შევუწყოთ მასწავლებლების კომპეტენციის გაძლიერებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას პროფესიული განვითარების პროგრამების დანერგვის საშუალებით. გვჯერა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის გაძლიერებით ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.”