საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო პლატფორმამ და Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, სს საქართველოს კაპიტალმა („საქართველოს კაპიტალი“, „GCAP“, „კომპანია“), სს გალტ & თაგარტისა და შპს თიბისი კაპიტალის დახმარებით ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორაციულ ტრანზაქციას წარმოადგენს რეგიონულ ბაზარზე.
ობლიგაციების ემისია წარმატებით მოხდა 3 აგვისტოს, ხოლო ფასწარმოქმნის (book-building-ის) შედეგად, საპროცენტო განაკვეთი 8.5%-ით განისაზღვრა. საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P-ის მიერ ობლიგაციებს მიენიჭათ BB- რეიტინგი. ფასიანი ქაღალდების დაშვება დამატებით იგეგმება საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგსა და Clearstream სისტემაში.
მოზიდული სახსრების ძირითადი ნაწილი, კომპანიის მიერ უკვე მობილიზებულ ლიკვიდურ სახსრებთან ერთად, მოხმარდება არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირებას. შედეგად, კომპანიის მთლიანი ვალი მიმდინარე $300 მილიონი აშშ დოლარიდან $150 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდება.
გარიგება გამოირჩეოდა არაერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური მახასიათებლით, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და მას სამომავლოდაც წაახალისებს. ეს შესაძლებელი გახდა ჯგუფის ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული უპრეცედენტო გამოცდილებისა და კაპიტალზე/ინვესტორთა ბაზაზე წვდომის მეშვეობით. ობლიგაციების შესაძენად გამოთქმული ჯამური დაინტერესება დაახლოებით 33%-ით აღემატებოდა ობლიგაციების ემისიის მოცულობას. გარიგება დამატებით გამოირჩევა უპრეცედენტოდ მაღალი დაინტერესებით და მონაწილეობით როგორც ე.წ. საცალო ინვესტორების (55%), ისე საერთაშორისო და კომერციული ინვესტორების მხრიდან (45%). ასევე, აღნიშნული წარმოადგენს პირველ ადგილობრივ ემისიას უცხოურ ვალუტაში, რომელშიც საპენსიო სააგენტომაც მიიღო მონაწილეობა. ეს ყველაფერი ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და სს საქართველოს კაპიტალისა და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მიმართ დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.
სს საქართველოს კაპიტალის ობლიგაციების განთავსებაზე ერთობლივად მუშაობდნენ სს გალტ & თაგარტი და შპს თიბისი კაპიტალი. სტრატეგიული ინვესტორების იურიდიულ მრჩეველს წარმოადგენდა შპს დენტონსი (Dentons), ხოლო ემიტენტის ფინანსურ აუდიტორს – შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო (PwC). კომპანიამ მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის ჩარჩოსთვის მოიპოვა ე.წ. მეორე მხარის მოსაზრება (Second Party Opinion) წამყვანი ESG კვლევისა და ანალიტიკის მომწოდებელი კომპანია Sustainalytics-ისგან.
გარიგებას მხარი დაუჭირეს ჯგუფის გრძელვადიანმა პარტნიორებმა – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB).
„მოხარული ვარ ამ მნიშვნელოვანი გარიგებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ჩვენ საქართველოს ბაზარს წარმატებით შევთავაზეთ ყველაზე დიდი კორპორაციული ობლიგაციების ემისია. მიუხედავად რთული გლობალური საკრედიტო ბაზრებისა, ამ ტრანზაქციამ მიიღო ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ადგილობრივი ინვესტორებისგან და განსაზღვრა სს საქართველოს კაპიტალისთვის მიმზიდველი პირობები. გარიგების მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებს: EBRD-ს, AIIB-ს, ADB-სა და IFC-ს. გარდა ამისა, მოხარული ვარ, რომ სს საქართველოს კაპიტალისა და მისი პორტფელის კომპანიებისთვის, აღმოვაჩინეთ ახალი ტიპის ინვესტორთა წრე და დაფინანსების წყარო, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში ფასიან ქაღალდებზე რეკორდული რაოდენობის ინტერესის გამოხატვით გამოიჩინეს GCAP-ისადმი ძლიერი ნდობა. ჩვენს ფასიან ქაღალდებზე ძლიერი მოთხოვნა მეტყველებს იმაზე, რომ კაპიტალის ბაზრები საქართველოში სწრაფად ვითარდება და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების – გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მუდმივი წარმატებული მხარდაჭერით, შეიძლება გახდეს დაფინანსების მნიშვნელოვანი ალტერნატიული წყარო. ობლიგაციების ემისია წარმოადგენს GCAP-ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაფინანსების წყაროებზე ჩვენს წვდომას, იქნება ეს საერთაშორისო თუ საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე.“ – ირაკლი გილაური, GCAP-ის გენერალური დირექტორი.
„მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცედენტო გარიგების წარმატებით განხორციელებაში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. გარიგების უნიკალური მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა გარიგების ზომა, მდგრადობასთან დაკავშირებული სტატუსი, მრავალფეროვანი ინვესტორთა ბაზა და ასევე, არასტაბილურ და მერყევ გლობალურ თუ რეგიონულ მაკროეკონომიკურ გარემოში ხელსაყრელი ფასწარმოქმნა, ეს გარიგება ადგილობრივი თუ რეგიონული სავალო დაფინანსების გარიგებებისთვის თავისუფლად შეიძლება იქცეს ახალ ნიშნულად. მსურს, მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს და მადლობა გადავუხადო მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა ირაკლი კირტავამ, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.
„მოხარული ვართ, რომ ადგილობრივ ბაზარზე დღემდე განხორციელებული ყველაზე მსხვილი კორპორაციული ტრანზაქცია, რომელიც საცალო და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი დაინტერესებით გამოირჩეოდა, თიბისი კაპიტალის თანამონაწილეობით განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ სს საქართველოს კაპიტალს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყვეთ ხელი, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. თიბისი კაპიტალი ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურადაა ჩართული, რითაც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, – აღნიშნავს მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი. S