„მედიაზონა“ და „ბიბისი“ უკრაინაში 30,000 რუსი სამხედროს სიკვდილს ადასტურებს

„მედიაზონა“ და „ბიბისი“ უკრაინაში 30,000 რუსი სამხედროს სიკვდილს ადასტურებს

დამოუკიდებელი რუსული მედიასააგენტო „მედიაზონა“ და ბრიტანული „ბიბისის“ რუსეთის ოფისი უკრაინაში 30,000 რუსი სამხედროს სიკვდილს ადასტურებს. აღნიშნულ ინფორმაციას ისინი მოხალისეებისა და ღია წყაროებში მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ. განვმარტავთ, რომ მონაცემებში საუბარია დადასტურებულ დანაკარგებზე. შესაბამისად, რეალური დანაკარგების რიცხვი ბევრად მაღალი იქნება.

სააგენტოების მიერ გავრცელებული განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებმა 1,351 რუსი სამხედროს სიკვდილი დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების დანაკარგები ჩვეულებრივზე უფრო დიდია.

მათივე ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა ლიკვიდირებული რუსი სამხედროების რიცხვი მოსკოვის რეგიონიდან. ამ გარემოებას რუსული „მედიაზონა“ და „ბიბისის“ რუსული ოფისი იმით ხსნიან, რომ უკანასკნელ პერიოდში მოსკოვთან ახლოს მდებარე სასაფლაოებიდან მონაცემების მიღება დაიწყეს. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოებას ფრონტზე მიმდინარე პროცესებთან კავშირი არ აქვს.

გარდა ამისა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფორმაცია გავრცელდა ლიკვიდირებულ 4 მაღალი რანგის ოფიცერზე. საერთო ჯამში ომის დაწყებიდან დღემდე, სააგენტოების ინფორმაციით, 284 მაღალი რანგის ოფიცრის ლიკვიდირება მოხერხდა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური მონაცემებით, 13 აგვისტოს მოცემულობით, უკრაინაში 253,850 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია მოხდა.