საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების აქტივების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი ცნობით, აღნიშნული პერიოდისთვის საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების მოცულობამ 72.1 მილიარდ ლარს მიაღწია, ეს წინა თვის მაჩვენებელს 900 მილიონი ლარით აჭარბებს. საბანკო სექტორის კაპიტალი 11.2 მილიარდი ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.5%-ია.
აქვე შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 0.47%-ით, ანუ 226.32 მილიონი ლარით გაიზარდა და საანგარიშო თვის დასასრულს 48.02 მილიარდ ლარს მიაღწია.
გარდა ამისა, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 276.96 მილიონი ლარით, ანუ 0.58%-ით გაიზარდა და საანგარიშო თვის ბოლოსათვის 48.06 მილიარდ ლარს მიაღწია.