საქართველოს შანსები მსოფლიოს ახალ რეალობაში და მთავარი გამოწვევა

საქართველოს შანსები მსოფლიოს ახალ რეალობაში და მთავარი გამოწვევა

ამ კრიზისმა ძალიან დააჩქარა და გააღრმავა სერვისების ექსპორტ-იმპორტი, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ Forbes Talks-ის ფორმატში Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნა.

გაჩეჩილაძემ ისაუბრა იმ პერსპექტივებზე, რაც შეიძლება რომ საქართველომ გამოიყენოს:

“ჩვენ შეხვედრებს ვმართავთ ინვესტორებთან ისე, რომ აღარ გვიწევს ნიუ-იორში და ლონდონში ჩასვლა.  80–90 პროცენტი  იმ ბენეფიტის, რომელსაც ფიზიკური შეხვედრის დროს მივიღებდით, არის. ერთი წლის წინ რომ გვეთქვა რომ მოდი ვიდეოთი ჩავერთოთ – კი ტექნიკურად შეგვეძლო, მაგრამ არ ვიყავით შეჩვეული. იგივე ხდება სხვა თემებშიც. დღეისათვის უკვე მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკაში დასაქმება სხვადასხვა ტიპის სავიზო შეზღუდვებთან არის დაკავშირებული, ის რომ საკუთარ სახლში იჯდე, შეიძლება რაიონში ან ქალაქგარეთ იყო, და ჩაერთო შრომის ბაზარში, ეს უკვე გამორიცხული აღარ არის. უფრო მეტიც, ბევრად უფრო მისაღები ხდება დამქირავებლისთვის.

აქამდე უფრო თეორია იყო, უფრო კალიფორნიასა და შვედეთში იყო ასეთი რამ. დღეს და ხვალ ეს უკვე ჩვეულებრივი თემა ხდება, ამას დიდი გავლენა ექნება და ეს შესაძლებლობა ჩვენ კარგად უნდა ავითვისოთ. ეს შესაძლებლობა რომ აითვისო, რაღაცა უნდა გქონდეს და ეს რაღაცა არის განათლება“, – განაცხადა “საქართველოს ბანკის“ გენდირექტორმა. მისივე თქმით, ამ კუთხით რაღაც ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა, ჯერ არ არის საკმარისი გაკეთებული.

გაჩეჩილაძემ ხაზი გაუსვა ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობას. ასევე კომპიუტერებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას და ა.შ.

“იყო სხვადასხვა პროგრამები, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო რაიონის სკოლებისთვის კომპიუტერი და ინტერნეტი. ეს ყველაფერი არის გასაახლებელი და დასაჩქარებელი. ვინაიდან როდესაც ბავშვი იზრდება ზესტაფონში, მას უნდა ჰქონდეს იგივე შესაძლებლობა, როგორიც ვთქვათ ადამიანს, რომელიც იზრდება ევროპის რომელიღაც პატარა ქალაქში. დიდი სხვაობა არ უნდა იყოს. და ეს არის შესაძლებელი დღევანდელი ცვლილებების გამო“, – აღნიშნა მან.

არჩილ გაჩეჩილაძემ ასევე დასძინა, რომ შანსი არის და ამ შანსს კარგად ვგრძნობთ დღეს. მან დაასახელა მთავარი გამოწვევაც, – “არაფერი არ გვიშლის ხელს ჩვენ, რომ ისეთი კომპანიები შევქმნათ აქ, როგორიც არის ევროპაში, თუმცა, არსებობს ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც მნიშვნელოვნად შესაცვლელი გვაქვს და ეს არის სასამართლო სისტემა.

სასამართლო სისტემა უნდა იყოს ანალოგიური დონის, როგორიც არის ევროპასა და ამერიკაში. აუცილებელი შემადგენელია ეს მთელი თემის, ვინაიდან ჩვენი საგადასახადო სისტემა საკმაოდ კარგია, გაუმჯობესებაზეც მიმდინარეობს მუშაობა.. კლიმატი კარგი გვაქვს, საჭმელი კარგი გვაქვს… რაღაცებში ვაღრმავებთ და ვაუმჯობესებთ თემებს….

სასამართლო ნაწილი არის ისეთი, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება რაღაც აშენო, 1 მილიონიდან 100 მილიონზე ახვიდე და მერე უცებ დაკარგო, ვინაიდან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ რისკზე არავინ წავა“, – განაცხადა “საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.