საქართველო განათლების სისტემაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს.
განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია “Input Output HK Ltd”-სა (IOHK) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის მიმართულებით მუშაობა ივლისიდან აქტიურად დაიწყება. IOHK-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩარლზ ჰოსკინსონი დარწმუნებულია, რომ თანამშრომლობა შედგება როგორც განათლების, ასევე სხვა სფეროების მიმართულებითაც.
რა არის თქვენი ვიზიტის მთავარი მიზანი და რა საკითხები განიხილეთ მთავრობის წარმომადგენლებთან?
მე გლობალურ კომპანიას წარმოვადგენ, რომელიც დღეს მსოფლიოს 20 ქვეყანაშია წარმოდგენილი არგენტინიდან დაწყებული იაპონიით დამთავრებული. ჩვენ მუდმივად ვეძებთ განვითარებად ბაზრებს, ბაზრებს სადაც ინოვაციების დანერგვისადმი ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მისწრაფება არსებობს, თუმცა ამას ხელს უშლის ძველი სისტემის არსებობა. საქართველო ამის კარგი მაგალითია, ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. საქართველოს ისტორიაში კორუფციის და ცუდი მმართველობის ბევრი მაგალითია, თუმცა ბოლო წლებში, ქვეყანაში სასწაულებრივი აღდგენა მოხდა. დღეს საქართველოს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საგადასახადო სისტემა აქვს, კარგი სავაჭრო შეთანხმებები მსოფლიოს მასშტაბით, ასე რომ მომდევნო 10 – 20 წელიწადში საქართველო მსოფლიოსთვის ეკონომიკური სასწაულის მაგალითი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიწის რეგისტრაცია ბლოკჩეინის სისტემაში დაიწყო. ჩვენი კომპანია საქართველოს ხედავს როგორც სწრაფად განვითარებად ბაზარს, რომელსაც ინოვაციების დანერგვის დიდი სურვილი აქვს. ასე რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ბიზნესის განვითარებისთვის. ის რასაც საქართველოში ვაკეთებთ შესაძლოა გავრცელდეს ევროპაშიც, და გახდეს სტანდარტი ისეთი ქვეყნებისთვის როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.
რა ინფორმაცია მიიღეთ საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ და რა გაძლევთ საფუძველს თქვათ რომ საქართველოში ეკონომიკური სასწაული მოხდება?
დღეს მსოფლიოში პოლიტიკურად ძალიან დიდი კონკურენციაა, ყველა ქვეყანაში ორი პოლიტიკური მხარე უპირისპირდება ერთმანეთს. ასე მაგალითად აშშ–ში არიან ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები და ნაკლებად მიდის საუბარი იმაზე თუ როგორ უნდა გახდეს ქვეყანა უკეთესი. ეს სისტემური პრობლემაა, რომლის გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ. საქართველოში ჩვენ შევხვდით როგორც მთავრობის ყოფილ, ასევე მოქმედ წევრებს. აქ ყველა მუშაობს ერთიანად, რადგან მათ აქვთ ნაციონალური მისწრაფება, რომ ქვეყანა განვითარდეს, გახდეს უკეთესი. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ყოფილ ფინანსთა მინისტრთან, დავათვალიერეთ საუკუნეების ისტორიის მქონე ქართული ეკლესია, მოვისმინე ისტორია საქართველოს მეფეებზე. მთავრობები და პოლიტიკური მდგომარეობა იცვლება, თუმცა თუკი რჩება სურვილი, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს, ამისთვის მსხვერპლის გაღებაა საჭირო. კიდევ ერთი კარგი მაგალითია ინვესტიციები განათლების სისტემაში. ამერიკის შეერთებული შტატები განათლების ბიუჯეტს ამცირებს, საქართველოში კი მშპ–ს 6% დაიხარჯება განათლების სისტემაზე. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური რისკია. განათლებაში ინვესტიციას მყისიერი შედეგი არ მოჰყვება, მას ხშირად 10 და მეტი წელი სჭირდება. ეს მაფიქრებინებს რომ ამ ბაზარზე მუშაობა ღირს.
შეგვიძლია ვთქვათ რომ კარდანო უკვე საქართველოშია? იმ 20 ქვეყანასთან ერთად, სადაც დღეს თქვენ ოპერირებთ?
კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი გლობალური სისტემებია, ასე რომ დღეს საქართველოში ნებისმიერ პირს შეუძლია ჩამოწეროს და ივაჭროს კარდანოს მეშვეობით. სამომავლოდ კარდანო კიდევ უფრო დაიხვეწება, მისი მეშვეობით მეტი კონტრაქტის მხარდაჭერა გახდება შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დეველოპერებს საქართველოდან შეეძებათ გამოიყენონ და იმუშავონ ამ პლატფორმაზე. ჩვენ შეხვედრა გვქონდა საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, ტექნოპარკში ვიზიტისას შევხვდით სტარტაპებს, რომლებმაც თანხის მოზიდვა ბიზნესის ადრეულ სტადიაზე შეძლეს. რამდენიმე მათგანი კი საკმაოდ მიმზიდველია ბლოკჩეინ ტექნოლოგიისთვის. სწორედ აქ ვხედავთ კავშირს იმ მიზნებს შორის, რომელიც აქვს კარდანოს და მთავრობას ახალი ბიზნესების გაჩენის კუთხით. ასე, რომ ვიმედოვნებთ, რომ მალევე მას შემდეგ რაც საპილოტე პროექტს დავასრულებთ და უნივერსიტეტების დიპლომები ჩვენს სისტემაში მოხვდება, შევძლებთ ახალგაზრდა დეველოპერების გადამზადებას, ვხედავთ შესაძლებლობას, რომ პლატფორმები რომლებიც საქართველოში განვითარდება გლობალურ ბაზარზე გავა და ქვეყანას ფულს და სამუშაო ადგილებს მოუტანს.