საქართველოში ბანკებში სესხების მოცულობამ 48 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოში ბანკებში სესხების მოცულობამ 48 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 0.47%-ით, ანუ 226.32 მილიონი ლარით გაიზარდა და საანგარიშო თვის დასასრულს 48.02 მილიარდ ლარს მიაღწია.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 409.48 მილიონი ლარით, 1.57%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 183.15 მილიონი ლარით, 0.84%-ით შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 7.68 მილიარდი ლარი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 2.32%-ით მეტი. უცხოური ვალუტით კი მათზე 13.37 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი გაიცა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.79%-ით ნაკლებია.

ამასთანავე, აგვისტოს განმავლობაში 0.55%-ით, ანუ 139.22 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აღნიშნული თვის ბოლოსათვის 25.53 მილიარდი ლარი შეადგინა.