საქართველოში კერძო სკოლების საშუალო ფასი 6,500 ლარია - თიბისი კაპიტალი

საქართველოში კერძო სკოლების საშუალო ფასი 6,500 ლარია - თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა ზოგადი განათლების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. მასზე დაყრდნობით, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილმა სახსრებმა 2023 წელს 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება.

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, ზოგადი განათლების ბაზრის მთლიანი ღირებულება 2023 წელს 1.5 მილიარდ ლარს აღემატება და ზრდაა მოსალოდნელი მომდევნო წელსაც, 11%-იანი წლიური ზრდის ტემპით.

როგორც ირკვევა, 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოში 2,086 საჯარო და 216 კერძო სკოლა ფუნქციონირებდა. უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში ბოლო წლების განმავლობაში კლების ტენდენცია შეინიშნება.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ბოლო წლებში კერძო სკოლების შემოსავალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თიბისი კაპიტალის ცნობით, 2021 წლის ბოლოსთვის, კერძო სკოლების ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 176 მილიონ ლარს მიაღწია.

მზარდია მსგავსი ტიპის სასწავლო დაწესებულებების ფასიც. თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წელს კერძო სკოლების საშუალო ფასმა 6,500 ლარი შეადგინა. ფასების ზრდა მომავალ სასწავლო წელსაც არის მოსალოდნელი, პროგნოზები კი 5-10%-იანი მატებაზე კეთდება.