საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.9%–ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.2%–ია. აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტოდ მაღალი 44.8%–იანი ზრდა აპრილის თვეში დაფიქსირდა.
2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ეკონომიკის შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო სფერო, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.
ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.
აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 1.3%–ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9%–იანი ზრდა დაფიქსირდა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.7%–ით გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა. ამასთან, ექსპორტის მოცულობა 27.8%–ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 19.3%–ითაა გაზრდილი.
მიმდინარე წლის ივლისის თვეში საქართველოში 4,270 ახალი სამეწარმეო სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც 8.5%–ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ ივლისის თვეში 929.5 მლნ. ლარი შეადგინა. წლიური ზრდის ტემპი კი 26.5% იყო.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, ხარჯების მოცულობა კვლავაც აღემატება შემოსავლების მოცულობას. ივლისის თვეში სახელმწიფო ხარჯების მოცულობამ 1,279.6 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლების სახით ბიუჯეტმა 1,099 მლნ. ლარი მიიღო.
საბანკო სფეროს მთლიანი გამოშვება ივლისის თვეში გაიზარდა და 236.8 მლნ. ლარს მიაღწია, ამასთან გაიზარდა ეროვნული ბანკის მთლიანი გამოშვებაც და 5.5 მლნ შეადგინა.