საქსტატი: მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსები ოქტომბერში შემცირდა

საქსტატი: მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსები ოქტომბერში შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში 2021 წლის ოქტომბერში მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე სექტემბერთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა. ამაზე გავლენა სხვადასხვა ფაქტორმა იქონია. მათ შორის ინდექსის ცვლილებაში წვლილი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასის 16.4%-ით კლებამ შეიტანა. ამის საპირისპიროდ 0.7%-იანი ზრდა აღინიშნა დასაწყობებისა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურების ფასის შემთხვევაში. ასევე, 0.3%-ით გაიზარდა სახმელეთო ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ფასი.

აქვე, უნდა ითქვას, რომ 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით გასულ თვეში ინდექსი 0.8%-ით შემცირდა, რაზეც გავლენა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასების 6.5%-ით კლებამ მოახდინა. სანაცვლოდ, 0.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ფასის შემთხვევაში. ამას გარდა, 0.5%-ით გაიზარდა დასაწყობებისა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურების ფასი.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი სექტემბერთან შედარებით უმნიშვნელოდ, 0.04%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის შესაბამის თვესთან მიმართებით ინდექსი უცვლელი დარჩა. მოცემულ პერიოდში ფასები 0.1%-ით გაიზარდა უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე, სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე კი 0.2%-ით შემცირდა.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სექტემბერთან შედარებით ოქტომბერში ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე 0.4%-ით არის შემცირებული, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 17.4%-ით გაზრდილი.

პირველ შემთხვევაში ინდექსის ცვლილებაზე გავლენა დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე ფასის 0.5%-ით, ასევე საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე 0.2%-ით კლებამ მოახდინა. მეორე შემთხვევაში კი ჯამურ ინდექსზე მომსახურების აღნიშნულ ჯგუფებში ფასების 10.4%-ითა და 20.6%-ით გაზრდამ იმოქმედა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *