ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-დან ვენესუელელთა ბანდის სავარაუდო წევრების დეპორტაცია განახორციელა, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც ამას უკრძალავდა. ადმინისტრაციამ სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მოსამართლეს ასეთი განკარგულების გაცემის უფლება არ ჰქონდა.
დეპორტაციის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსამართლე ჯეიმს ბოუსბერგმა მიიღო. ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „უცხო მტრების აქტის“ (Alien Enemies Act) ამოქმედებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ამას დეპორტაციის განხორციელებაში ხელი არ შეუშლია.
ამ აქტის საფუძველზე, ტრამპი Tren de Aragua-ს სახელწოდებით ცნობილი ვენესუელელების ბანდის 200-ზე მეტი სავარაუდო წევრის ქვეყნიდან სწრაფად გაძევებას ისახავდა მიზნად. ცნობისთვის, ამ ბანდას ადამიანთა გატაცებასთან, გამოძალვასთან და შეკვეთილ მკვლელობებთან აქვს კავშირი.
„ერთი მოსამართლე ერთ ქალაქში ვერ გადაწყვეტს, როგორ უნდა იმოძრაოს თვითმფრინავმა, რომელიც უცხოელ ტერორისტებს აშშ-ის მიწიდან აძევებს,“ — განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა.
მისივე თქმით, სასამართლოს ამის „კანონიერი საფუძველი“ არ ჰქონდა, რადგან ფედერალური სასამართლოები ვერ განსაზღვრავენ, როგორ წარმართავს პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას.
თავად დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან კომენტარისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ყველაფერი იურისტებს უნდა ვკითხოთ. „შემიძლია გითხრათ ერთი რამ — ისინი ძალიან ცუდი ადამიანები იყვნენ,“ — დასძინა მან.