საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქები

საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქები

საერთაშორისო ორგანიზაცია Economist Intelligence Unit-მა (EIU) გლობალური ცხოვრების ხარჯების ინდექსის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2023 წელს ცხოვრების ხარჯები გლობალურად საშუალოდ 7.4%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა სასურსათო პროდუქტების შემთხვევაში დაფიქსირდა. 2022 წელს რეკორდულად გაზრდილი კომუნალური გადასახადები კი წელს ყველაზე ნაკლებად გაიზარდა.

EIU-ის ანგარიში ცხოვრების ხარჯების ინდექსით საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქების სიას ადგენს. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს აღნიშნულ რეიტინგში პირველ პოზიციას სინგაპური და შვეიცარიული ციურიხი ინაწილებენ. გასულ წელს სინგაპურთან ერთად პირველ პოზიციას ნიუ-იორკი იყოფდა. თუმცა წელს ნიუ-იორკი მესამე პოზიციას ასევე შვეიცარიულ ჟენევასთან ინაწილებს.

ცხოვრებისთვის ყველაზე ძვირი ქალაქების სიაში მეხუთე ადგილზე ჰონგ-კონგი მოხვდა. ათეულში კიდევ ერთი ამერიკული ქალაქი, ლოს-ანჯელესი მე-6 პოზიციას იკავებს. საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი კი ჩამონათვალში მე-7 ადგილზეა წარმოდგენილი. მე-8 პოზიციას ისრაელის ქალაქი თელ-ავივი და დანიური კოპენჰაგენი ინაწილებენ. ათეულს კი კვლავ ამერიკული სან-ფრანცისკო ხურავს.

საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქების ათეული:

  1. ციურიხი და სინგაპური
  2. ნიუ-იორკი და ჟენევა
  3. ჰონგ-კონგი
  4. ლოს-ანჯელესი
  5. პარიზი
  6. თელ-ავივი და კოპენჰაგენი
  7. სან-ფრანცისკო

საინტერესოა საცხოვრებლად ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქების სიაც. სირიის დედაქალაქი დამასკო კვლავ მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქია. რეიტინგში ყველაზე დაბალ პოზიციებს ირანის დედაქალაქი თეირანი და ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი იკავებენ.

ცნობისთვის, EIU-მ რეიტინგის შესადგენად 173 ქალაქი გამოიკვლია და ერთმანეთს 400-მდე პროდუქტისა თუ სერვისის ფასები შეადარა.