საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი მთის კურორტის პროექტში $3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში იემენის საზღვართან ახლოს, მთიან რეგიონში კურორტი უნდა გაშენდეს.
ფონდი Soudah Development-ს გადაუხდის თანხას იმისთვის, რომ მან აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 700 სასტუმროს ნომერი და 1 300 სახლის აშენება უზრუნველყოს. საუბარია ტურისტულ სოფელ ალ-სუდაზე, რომელიც საუდის არაბეთში ყველაზე მაღლა მდებარე სოფელია.
ცნობისთვის, საუდის არაბეთი წლების განმავლობაში ტურიზმის სექტორს დიდ ყურადღებას არ აქცევდა, რის გამოც ადგილობრივები დასასვენებლად სხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ. თუმცა ეს მიდგომა პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა შეცვალა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირებას ცდილობს. შეგახსენებთ, საუდის არაბეთის ეკონომიკა ნავთობის გაყიდვაზეა დამოკიდებული.
ადგილობრივების წახალისება, რომ ქვეყნის შიგნით რაც შეიძლება მეტი დახარჯონ და მეტი შიდატურისტული ადგილები მოინახულონ, პრინცის გეგმებში შედის. მთავრობამ ასევე შექმნა ტურისტული ვიზები, რაც უცხოელებს საუდის არაბეთში შესვლას და მოგზაურობას უმარტივებს. ასევე ქვეყანამ დაუშვა, რომ დაუქორწინებელმა წყვილებმა სასტუმროს ნომრებში ერთად გაათენონ ღამე.