პანასონიკი ელექტრობატარეების $4-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

პანასონიკი ელექტრობატარეების $4-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

ელექტრომანქანებზე გაზრდილი გლობალური მოთხოვნის ფონზე, Panasonic-ი ელექტრობატარეების წარმოებას აფართოებს, რისთვისაც ამერიკაში, შტატ კანზასში $4-მილიარდიან ქარხანას ააშენებს. მოსალოდნელია, რომ Panasonic-ის ახალი ქარხანა შტატში ოთხი ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„საავტომობილო ინდუსტრიის მზარდი ელექტრიფიკაციის ფონზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრობატარეების წარმოების გაფართოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა Panasonic Energy Co-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კაძუო ტადანობუმ.

აღსანიშნავია, რომ ახალი ქარხნის გახსნის ადგილად ტექნოლოგიურ გიგანტს კანზასი შემთხვევით არ შეურჩევია – ცოტა ხნის წინ Panasonic-მა ფედერალური შეღავათების პროგრამაში მონაწილეობისთვის შტატის გუბერნატორს, ლორა კელის მიმართა და გასულ კვირას დასტური მიიღო. თუმცა ფედერალური შეღავათების გარდა, კანზასი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის საკმაოდ ახლოს მდებარეობს შტატ ტეხასის ქალაქ ოსტინში მდებარე Tesla-ს ქარხანასთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.  კანზასის გარდა, ახალი ქარხნის ადგილად კომპანია შტატ ოკლაჰომასაც განიხილავდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შტატ კანზასში ახალი ქარხნის აშენებით, იაპონური გიგანტი იმ ავტომწარმოებლებს და ელექტრობატარეების მწარმოებლებს შეუერთდა, რომლებიც ამერიკაში ელექტრომობილების ბუმისთვის ემზადებიან. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, შტატ კენტუკისა და ტენესიში საწარმოო ხაზისა და ელექტრობატარეების სამი ქარხნის აშენების შესახებ ამერიკულმა Ford-მა და სამხრეთკორეულმა SK Innovation-მა განაცხადეს – ამ პროექტის ჯამური ღირებულება $11.4 მილიარდს შეადგენს. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკაში ელექტრობატარეების ქარხნის აშენების შესახებ იაპონურმა Toyota Motor Corp-მაც განაცხადა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *