ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ამერიკული კომპანია OpenAI-ის დირექტორთა საბჭომ სემ ოლტმენი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„ბ-ნი ოლტმენის გათავისუფლება მოჰყვა საბჭოს მიერ გამართულ განხილვის პროცესს, რომლის შედეგადაც მიღებულ იქნა დასკვნა, რომ იგი არ იყო გულწრფელი საბჭოსთან კომუნიკაციაში, რაც აფერხებდა მის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებას“, – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. „საბჭო აღარ უცხადებს მას ნდობას, რომ OpenAI-ის ხელმძღვანელობა განაგრძოს.“
გავრცელებული ინფორმაციის თანახმა, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტექნოლოგიური მიმართულების მთავარი დირექტორი, მირა მურატი იქნება.
აღსანიშნავია, რომ სიახლის გავრცელებიდან რამდენიმე საათში საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა OpenAI-ის თანადამფუძნებელმა, გრეგ ბროკმენმა.
აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას სემ ოლტმენი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) გამოეხმაურა: „ძალიან სასიამოვნო იყო OpenAI-ში დროის გატარება. ეს პირადად ჩემთვის, და, ვიმედოვნებ, თუნდაც მცირედ მაინც მსოფლიოსთვის, გარდამტეხი იყო. ყველაზე მეტად რაც მომწონდა, ეს იყო ნიჭიერ ადამიანებთან მუშაობა. სამომავლო გეგმების შესახებ მეტს მოგვიანებით ვისაუბრებ“.
შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში OpenAI-მ, Microsoft-ის მხარდაჭერით, მსოფლიოს AI-ჩატბოტი, ChatGPT-ი წარუდგინა. ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტმა მომხმარებელთა აღტაცება მალევე დაიმსახურა. ChatGPT-ის შესაძლებლობებში კოდის დაწერა, სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემა, კვლევების ჩატარება, ასევე ესეებისა და რეზიუმეების დაწერა შედის.