დაძაბული კვირის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის მთავარი სახე სემ ოლტმენი OpenAI-ში კვლავ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დაუბრუნდება. მასთან ერთად, ChatGPT-ის შემქმნელ კომპანიაში დაბრუნდება გრეგ ბროკმანიც, OpenAI-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ოლტმენის სოლიდარობის ნიშნად დატოვა.
პარალელურად, OpenAI-იმ ახალი საბჭოც დაამტკიცა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში Salesforce-ის ყოფილი თანა-აღმასრულებელი დირექტორი ბრეტ ტეილორი, აშშ-ის ხაზინის ყოფილი მდივანი ლარი სამერსი და Quora აღმასრულებელი დირექტორი ადამ დ’ანჯელო შედიან. საბჭოს თავმჯდომარედ ბრედ ტეილორი დაინიშნა. „კომპანიის CEO-დ სემ ოლტმენის დაბრუნებასა და ახალი საბჭოს დამტკიცებაზე შეთანხმება მიღწეულია. მუშაობა გრძელდება და მადლობას გიხდით მოთმინებისთვის“, – ვკითხულობთ OpenAI-ის მიერ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
თავად ოლტმენის განცხადებით კი, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, როგორც მისთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის: „მოუთმენლად ველი OpenAI-ში დაბრუნებას და ახალ საბჭოსა და სატიას მხარდაჭერით, Microsoft-თან ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გამყარებას“.
შეგახსენებთ, რომ OpenAI-ში დაბრუნებამდე, Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ ოლტმენს თავის კომპანიაში მოწინავე ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელობა შესთავაზა. ნადელა პლატფორმა X-ზე გავრცელებული განცხადებით, OpenAI-ის საბჭოში ცვლილებებს მიესალმა და აღნიშნა, რომ მათ ღრმად სწამთ, რომ ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მეტად სტაბილური, კარგად ინფორმირებული და ეფექტიანი მმართველობისკენ მიმავალ გზაზე.
OpenAI-ში ოლტმენის დაბრუნების პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მის დროებით შემცვლელად Twitch-ის თანადამფუძნებელი ემეტ შირიც დაასახელეს. Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI-ის 700-მდე თანამშრომელმა წერილით მიმართა და სამსახურის დატოვებით დაემუქრა. დასაქმებულები კომპანიაში ოლტმენისა და ბროკმანის აღდგენას და საბჭოს გადადგომას ითხოვდნენ.