სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგანი დაამტკიცა

სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგანი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად რობინ დანიგანი დაამტკიცა. ის თანამდებობაზე კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2020 წლის 31 იანვრიდან იკავებდა.

რაც შეეხება დანიგანს, ის მიმდინარე წლის 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი მუშაობდა ვენაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობებზე. გარდა ამისა, რობინ დანიგანი მსახურობდა ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩად დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 13 თებერვალს წარადგინა. მისი კანდიდატურის მოსმენა კი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე 30 მარტს გაიმართა. კომიტეტმა ნომინაციას მხარი 2023 წლის 27 აპრილს დაუჭირა.

დანიგანს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი აშშ-ის თავდაცვის ეროვნულმა უნივერსიტეტმა მიანიჭა. იგი ასევე არის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მაგისტრი და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაკალავრი.